skip to content
ახალი ამბები

გურამ დონაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა

შსს-ის პრესსამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს, რომელიც საქართველოში ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ბრალის წაყენების შემდეგ დაბრუნდა და სამართალდამცავებმა აჭარაში საზღვრის გადმოკვეთისთანავე წუხელ დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შაბათს 25 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა, რისი გადახდის შემდეგაც ის გათავისუფლდება.

პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

გამოძიება გურამ დონაძეს, შსს-ის კიდევ ხუთ მაღალჩინოსანთან ერთად, ბრალს სდებს ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც მთავარი პროკურატურის თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გაყალბებაში გამოიხატა. 

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს ორი ტყვიით იქნა მოკლული. მეორე დღეს შსს-ს პრესსამსახურის გადაცემა „პატრულმა“ განაცხადა, რომ რობაქიძე პოლიციელებმა მოკლეს, როდესაც ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაჭერას ცდილობდნენ. გადაცემაში ნაჩვენები იყო „კალაშნიკოვის“  ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც, ვითომდა, რობაქიძის და მისი მეგობრების მანქანიდან ამოიღეს.

მთავარმა პროკურატურამ 8 თებერვალს განაცხადა, რომ საზოგადოებისათვის ინფორმაციის ამგვარად მიწოდება გურამ დონაძის „მითითებით და ინსტრუქტაჟით“ განხორციელდა.

გურამ დონაძემ,  რომლის სახელი ასევე ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეში, განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქართველოში იმის გამო დაბრუნდა, რომ აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„საზოგადოება ამ [რობაქიძის] საქმესთან დაკავშირებით გაიგებს სრულ სიმართლეს“, – განუცხადა დონაძემ 8 თებერვალს „რუსთავი 2“-ს თურქეთის ტერიტორიაზე, სანამ ის საქართველოში შემოვიდოდა. „გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ ალბათ ბევრი რამე ახალი გაირკვევა. „რუსთავი 2“-ის არქივში არის კადრები და სანამ მე ვინმეს დავასახელებ, თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები, თუ ვინ დგანან იქ [შემთხვევის ადგილზე]“.  

მთავარმა პროკურატურამ, რომელმაც რობაქიძის საქმეზე გამოძიება 12 ნოემბერს განაახლა, განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება პროკურატურისა და სასამართლოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა გამოსავლენად, რომლებიც გარკვეულ მონაწილეობას იღებდნენ ამ საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ წარმოებული „მიკერძოებული და არაობიექტური“ გამოძიების „არასწორი მიმართულებით წარმართვაში“.

მსგავსი/Related

Back to top button