ახალი ამბები

ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა

საქართველომ და ევროკავშირმა 18 დეკემბერს ბრიუსელში თანამშრომლობის საბჭოს მე–13 შეხვედრა გამართეს, რომელიც პირველი ასეთი სხდომა იყო საქართველოში ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ.

შეხვედრის თავმჯდომარეები იყვნენ ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკუ-მარკულისი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი წარმოადგენდნენ.
 
„ევროკავშირმა და საქართველომ განიხილეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების როლი პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცების საქმეში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა გამჭირვალედ, მიუკერძოებლად და პოლიტიკური მოტივების გარეშე წარიმართოს. ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა სასჯელაღსრულების რეფორმას, როგორც პრიორიტეტულ საკითხს, რომელიც დაუყონებლივ ქმედებას და უწყვეტ ყურადღებას ითხოვს“, – განაცხადა ევროკავშირმა შეხვედრის შემდეგ. 

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ევროკომისარმა, შტეფან ფულემ განაცხადა, რომ საქართველო და ევროკავშირი „რეალურ პროგრესს“ აღწევენ ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, რომელიც ასევე მოიცავს ღრამა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას; იგივე ეხება ვიზების ლიბერალიზაციაზე მიმდინარე დიალოგსაც, განაცხადა ფულემ.

„ეს ხელშესახები მიღწევებია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ასოციარებულ შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ევროკავშირს და საქართველოს „საკმაოდ ამბიციური გრაფიკი“ აქვთ შემუშავებული.

ფულემ ხაზი გაუსვა, რომ ეს „ამბიციური გრაფიკი“ გულისხმობს ასოცირებულ შეთანხმებაზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე „მოლაპარაკებების დასრულებას“ 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის. 

მან განმარტა, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ვიდრე  ხელშეკრულების პარაფირება მოხდება, ევროკავშირს დასჭირდება კიდევ „რამდენიმე თვე სამართლებრივი შემოწმებებისთვის და გარკვეული ტექნიკური სამუშაოებისთვის“ და შემდეგ „კიდევ რაღაც დრო“ იქნება საჭირო, სანამ „ჩვენ შევძლებთ ხელი მოვაწეროთ“ ამ ხელშეკრულებებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ განხილვას 2013 წელს დავასრულებთ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება“, – დასძინა ფულემ.

მან განაცხადა, რომ საქართველოს მიერ პროცესის უწყვეტობა დადებითაა შეფასებული და დასძინა, რომ „ინსტიტუციური მეხსიერება“ ადგილზეა, რაც ხელს უწყობს „იმ ამბიციური მიზნის მიღწევას, რომელიც ჩვენ გვაქვს“.

„რასაც ჩვენ ასევე ვაფასებთ ისაა, რომ ხდება, მე ვიტყოდი, ძალიან ლიბერალური – ზოგიერთი კი ამას ულტრალიბერალურსაც უწოდებს – შეხედულებების გადახედვა“, – განაცხადა ფულემ და დასძინა, რომ მან დამაიმედებელი გზავნილები მოისმინა საქართველოს მზადყოფნის შესახებ, რომ  თავისი შრომის კოდექსი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს შეუსაბამოს; მან განაცხადა, რომ ასევე შეინიშნება პროგრესი ფიტოსანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ „საქართველო ყველაფერს გააკეთებს რათა საშინაო დავალება შეასრულოს“ და, როგორც მან აღნიშნა, „ხელი მოაწეროს“ ევროკავშირთან ასოცირებული და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხებებს „2013 წლის ვილნიუსის სამიტისთვის“.

ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის 2011–2013 წლებში 181 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა ამის გარდა, რამდენიმე თვის წინ, არჩევნებამდე, ევროკავშირმა დამატებითი 22 მილიონი ევროს მობილიზება მოახდინა საქართველოსთვის. ფულეს განცხადებით, ეს დამატებითი დახმარება საქართველოს მიერ რეფორმების გზაზე გადადგმული ნაბიჯების აღიარების ნიშნად გამოიყო. მისი თქმით, ეს არის ნაწილი ევროკავშირის მიდგომისა „მეტი მეტის სანაცვლოდ“, ანუ შესთავაზოს მეტი იმ ქვეყნებს, რომლებიც რეფორმების გატარების კუთხით მეტ ძალისხმევას აჩვენებენ. ფულემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალ წელსაც შეძლებს ასეთი დამატებითი დახმარების მიღებას.

This post is also available in: English Русский

Back to top button