skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: ნატომ ახლა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას



ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მისი ბიზნეს–ცენტრის ეზოში, თბილისი 18 ოქტომბერი. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური. 

საქართველო პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა და გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების სახით საქართველომ გამოცდა ჩააბარა და ახლა ნატოზეა, რომ მოახერხოს მისი ალიანსში გაწევრიანება „უახლოეს მომავალში“.

„ჩვენ ჩავაბარეთ ძალიან საინტერესო გამოცდა, რასაც ქვია არჩევნები და ნატოს ეს ქონდა, როგორც საჩვენებლად ჩვენთვის, როგორია ჩვენი პერსპექტივა, ამით განისაზღვრებოდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. მე შევახსენე, რომ გავაკეთეთ“, – განაცხადა მან 18 ოქტომბერს ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, შეხვედრის შემდეგ.

„ახლა მათ [ნატომ] უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გააკეთონ იმისათვის, მათი მხრიდან რაც შესაძლებელია, რომ საქართველოს რეალური გაწევრიანება ნატოში მოხერხდეს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასთან შეხვედრამდე ჯეიმს აპატურაი აცხადებდა, რომ ალიანსს ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს, თუ რა იქნება ნატო–საქართველო ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რაც ლაკმუსის ტესტი იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის, „ამ ტესტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“ ჩააბარა. 

„მე დავარწმუნე, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ნატოს წევრი ქვეყნებისათვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან დაადასტურა მომავალი მთავრობის მზადყოფნა, რომ საქართველოს ძალებმა განაგრძონ მონაწილეობა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში. 

„გავაგრძელებთ მონაწილეობას და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილე ავღანისტანში [ავღანეთში] სამშვიდობო ოპერაციაში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

„და ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პარალელურად მოვახერხოთ და ჩვენ დიდ მეზობელთან, რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და მოვახერხოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც“, – აღნიშნა მან იქვე და ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესები „ცალ–ცალკე განიხილება“. 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ერთად იმისათვის, რომ საქართველომ თავის სტრატეგია, თავის სტრატეგიული ინტერესები უახლოეს მომავალში აიხდინოს და ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ გავხდეთ ჭეშმარიტად ევროპული ქვეყნების ღირსეული წევრი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მას „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა მომავალ პრემიერ–მინისტრთან. 

„მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ნატოს მიმართ, ნატოში წევრობის და ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მიმართ“, – აღნიშნა ალიანსის წარმომადგენელმა.

„მე, ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, მივესალმები ყველაფერ ამას, მაგრამ ასევე მინდა დავადასტურო ნატოს სურვილი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ასევე ჩვენი მადლიერება ავღანეთში შეტანილი წვლილის გამო და გამოვხატავ ჩემს სამძიმარს, ნატოს სამძიმარს იმ ჯარისკაცის, მე–18 ქართველი ჯარისკაცის მიმართ, რომელიც დაიღუპა; ასევე [მხარდაჭერას] საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორია და ნატოს წევრობისკენ ისწრაფვის და ჩვენ ამ ქვეყნის ერთგულნი დავრჩებით“, – დასძინა აპატურაიმ.   

ივანიშვილთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნატო–რუსეთის და საქართველო–რუსეთის ურთიერთობები „ძალიან რთული“ საკითხებია.

„მაგრამ ამოსავალი წერტილი ჩვენთვის… [ისაა], რომ კარგი ურთიერთობა ნატოსა და საქართველოს შორის და კარგი ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის არ არის ნულოვანი ჯამის მქონე თამაში… ნატო–რუსეთის უკეთესი ურთიერთობები კარგია საქართველოსთვის და ამრიგად, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთდროულად ორივეს გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ ერთდროულად ორივე უნდა გავაკეთოთ და ვიცი, რომ ამჟამინდელი მთავრობა ყოველთვის მუშაობდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისთვის… ვიცი, რომ მომავალმა ადმინისტრაციამ გაამახვილა ყურადღება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, მათ შორის ნატოში გაწევრიანების კონტექსტში“, –  განაცხადა მან.

„გულწრფელად რომ ვთქვა, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირად ვფიქრობთ. თუმცა ამოსავალი წერტილი ნატოსთვის არის ის, რომ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას გაწევრიანების თაობაზე“,– განაცხადა აპატურაიმ და დასძინა, რომ ნატომ უკვე მრავალჯერ გაიმეორა, მათ შორის უმაღლეს დონეზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ძალაში რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button