
ევროკავშირი და საქართველო ადამიანის უფლებებზე დიალოგს გამართავენ
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო ერთ–ერთი ის საკითხია, რომელიც 26 ივნისს თბილისში ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირი–საქართველოს დიალოგის ფარგლებში იქნება განხილული.
„მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ევროკავშირი მოელის, რომ შემდგომი წინსვლა იქნება მიღწეული ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ზეწოლისა ან სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებებზე სწრაფად რეაგირების მიმართულებით“, – ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა 16 ივნისს გაავრცელა თბილისში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვა ელჩების სახელით.
„დისკუსიები ასევე შეეხება საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორისაა პატიმართა დიდი რაოდენობა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება, უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა სეპარატისტულ რეგიონებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებებზე ევროკავშირი–საქართველოს დიალოგის წინა რაუნდი ერთი წლის წინ ბრიუსელში გაიმართა.
2011 წლის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გაგრძელდა წინსვლა სამართლებრივი რეფორმის, აღმსარებლობის თავისუფლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ 2011 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული დემონსტრაციების უმეტესობა მოწესრიგებულად მიმდინარეობდა“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავაც წამოწევს შრომითი უფლებების საკითხს, კერძოდ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების და ევროკავშირის პრეფერენციების ზოგადი სისტემის (GSP+) კონტექსტში; ეს სისტემა საშუალებას აძლევს საქართველოს გარკვეული შეღავათებით ისარგებლოს ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ კი ქართული წარმოშობის 7200-მდე დასახელების პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს ნულოვანი საბაჟო განაკვეთით. იმისათვის, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პროგრესი იქნას მიღწეული, საქართველომ თავისი შრომის კოდექსი შრომის საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.
ცოტა ხნის წინ პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებებს უყარა კენჭი, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ის დებულება, რომელიც გაფიცვების ხანგრძლივობაზე 90–დღიან ლიმიტს აწესებდა; ცვლილებით, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, ასევე განახევრდა პროფკავშირების ჩამოყალიბებისთვის საჭირო წევრების მინიმალური რაოდენობა და 50 შეადგინა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმა ამ დადებით ნაბიჯს, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები არ ეხება შრომის კოდექსის „ყველაზე პრობლემატურ“ საკითხებს, რომელსაც პროფკავშირები 2006 წელს ამ კოდექსის მიღების დღიდან აყენებს.