ახალი ამბები

ილია მეორემ ივანიშვილს განუცხადა: ‘ხალხი იმედით გიყურებთ ზოგი, ზოგი – ნერვიულობს’

15 ნოემბერს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს განუცხადა: „ხალხი იმედით გიყურებთ ზოგი, ზოგი – ნერვიულობს“.

“მე იმედი მაქვს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის ამ რეპლიკამდე ივანიშვილმა განაცხადა: „ჰქონია რთული მდგომარეობა საქართველოს ისტორიას და როგორც ადრე შეძლეს მე მგონი დღესაც მოვახერხებთ თქვენის თანადგომით… [არ ისმის]“

ეს საუბარი ნაჩვენებია გუშინ გამართული შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა. შეხვედრას, რომლის შემდეგაც ივანიშვილი და პატრიარქი ჟურნალისტებთან ერთად გამოვიდნენ კომენტარის გასაკეთებლად, ასევე ესწრებოდა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია.

ერთ–ერთ ეპიზოდში ივანიშვილი ამბობს: „სპეციფიურ მდგომარეობაში ვართ დღეს და მე მგონი, რომ თქვენის ლოცვით და კურთხევით მოვნახავთ სწორ გზას“.

ეს მისი პირველი შეხვედრა იყო პატრიარქთან მას შემდეგ, რაც ქველმოქმედმა ბიზნესმენმა ოქტომბრის დასაწყისში პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამის შემდეგ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. პატრიარქმა კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდა, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინოს.

გუშინ გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი ასევე დაინტერესდა, თუ რა გეგმები არსებობდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებით.

ივანიშვილის მიერ 2005–2010 წლებში საქველმოქმედო საქმიანობაზე გამოყოფილი 1.49 მილიარდი ლარის, დაახლოებით, 2.5% ასობით ეკლესიის  და ფრესკების აღდგენას მოხმარდა. 38 მილიონი ლარიდან, რომელიც იმ პერიოდში 504 ასეთ პროექტზე გამოიყო, სულ ცოტა 10 მილიონი ლარი სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას მოხმარდა.

Back to top button