ახალი ამბები

საქართველო ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნას გეგმავს


კადრი ნატოს ვიდეოჩანაწერიდან, სადაც 32–ე ბატალიონის ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებენ. საქართველომ 32–ე ბატალიონის როტაცია 33–ე ბატალიონით აპრილში განახორციელა.  

(2 ივნისს გავრცელებული ტექსტის განახლებული ვარიანტი) 

როგორც თეთრი სახლის მიერ, ბაიდენსა და სააკაშვილს შორის რომში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებული პრეს-რელიზიდან ირკვევა, საქართველო ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას აპირებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ Civil.ge-ს თხოვნას კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე, პასუხად ელექტრონული ფოსტით აუწყა, რომ "ჯერჯერობით დეტალები უცნობია". 

"როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი მედიისთვისაც,"– განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტმა. 

”ვიცე-პრეზიდენტმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე მადლიერება გამოხატა იმ ახალი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში [ISAF] შეაქვს და რომელიც საქართველოს ნატო-ს არაწევრ სახალწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გახდის,” – განაცხადა თეთრმა სახლმა ბაიდენსა და სააკაშვილს შორის შეხვედრის შემდეგ.

საქართველო, რომელსაც ავღანეთში უკვე ჰყავს 900-ზე მეტი ჯარისკაცი, სავარაუდოდ, დამატებით სულ ცოტა ერთ ბატალიონს კიდევ გააგზავნის.

ამჟამად ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ავსტრალიას ჰყავს – 1 550 კაცის ოდენობით.

თეთრი სახლის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ, როგორც ჩანს, პირობა დადო ავღანეთში დამატებით სულ ცოტა 625 ჯარისკაცი გააგზავნოს, რითაც ის ავსტრალიას გადაასწრებს და გახდება ავღანეთში ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტი ჯარისკაცის გამგზავნი სახელმწიფო.

საქართველოს ავღანეთში 8 ჯარისკაცი დაეღუპა მას შემდეგ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა. ბოლო ასეთი შემთხვევის შესახებ თავდაცვის სამინისტრო 27 მაისს იტყობინებოდა.

Back to top button