ახალი ამბები

პრეზიდენტი ადგილობრივი არჩევნების მაისში დანიშვნას საკონსტიტუციო ცვლილებით ითხოვს

პრეზიდენტი მიმართავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რათა მომზადდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაისში ჩატარებას განსაზღვრავს.

სააკაშვილმა ივლისში განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გადმოიწევს შემოდგომიდან, როცა თვითმმართველობებს კონსტიტუციური ვადა ეწურებათ.

”ეს თარიღი უცვევლი რჩება,”- აღნიშნა დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის ახალმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საკანონმდებლო ინიციატივას.

”მისასალმებელია და საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ კოდექსში ცვილელებებზე მუშაობისას მიღწეული იქნა ფართო შეთანხმება,”- განაცხადა მანჯგალაძემ, ”იყო მთელი რიგი საკითხები, რაზეც იყო განსხვავებული მოსაზრება და საბოლოოდ რამდენიმე ძირეულ საკითხზე მოხდა შეთანხმება, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ წარმოუდგენელია ყველა თემაზე კონსენსუსის მიღწევა. პრეზიდენტი მიიჩნევს, სწორედ ეს რამდენიმე შეთანხმებული საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითრებისთვის”.

მისი თქმით, ამ საკითხებს შორის არის მერის პირდაპირი არჩევა და 30%-იანი ბარიერის დაწესება. 

”ლეგიტიმიზაციაც საკმაოდ მაღალია, რადგან პრეზიდენტის შემდეგ, ის [მერი] არჩევნებში მიღებული ხმათა რაოდენობით ლიდერთა შორის იქნება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

სხვა საკითხებს შორის არის საკრებულოს 25 წევრის 4%-იანი პროპორციული ბარიერით და 25 მაჟორიტარის არჩევა; ცესკოს ოპოზიციური წევრების მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან.

მანჯგალაძით თქმით, პრეზიდენტი ნაყოფიერად აფასებს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფორმატში 9 თვის განმავლობაში გაწეულ მუშაობას, რაც ”საკმაოდ ცვლის იმ საარჩევნო გარემოს, რომლის მიმართაც პრეტენზიები გამოითქმებოდა”.

NDI-ის ფორმატიდან პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე კონსულტაციებმა მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული მმართველ პარტიასა და ალიანსი საქართველოსთვის შორის მერის არჩევის ბარიერთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. ალიანსი, რომლის ლიდერი ირაკლი ალასანია მერობის სურვილს გამოთქვამდა, 30%-ს მხარს არ უჭერდა და ბარიერის 45%-ზე განსაზღვრას მოითხოვდა.

Back to top button