ახალი ამბები

ნოღაიდელი პრეზიდენტისგან ადგილობრივი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

ზურაბ ნოღაიდელმა, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს 2009 წლის ბოლომდე ოფიციალურად დანიშნოს ადგილობრივი არჩევნების თარიღი, ხოლო პარლამენტს – დაამტკიცოს საარჩევნო სისტემა.

”ამის შემდეგ, პოლიტიკური ძალები გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამ არჩევნებში,” – განაცხადა ნოღაიდელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივლისში განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები 2010 წლის 30 მაისს ჩატარდება, თუმცა ოფიციალურად არჩევნები დღემდე დანიშნული არ არის.

ნოღაიდელის თქმით, არჩევნების თარიღზე გაურკვევლობა ხელს უშლის პარტიებს გადავიდნენ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში.

მისი თქმით, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის მზადაა მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციურ პრაიმერში, ისე ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში და ”დაიცვას მოპოვებული ხმები”.

Back to top button