ახალი ამბები

თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა გააპროტესტა

ოფიციალურმა თბილისმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსულ მხარეს მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ხელმძღვანელობით დელეგაციის სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ნოტა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით 13 ნოემბერს გაიგზავნა.

მოსკოვის მერი სოხუმს 13 ნოემბერს ეწვია და სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გააფორმა შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

”თქვენ მიიღეთ თავისუფლება, უფლება იცხოვროთ მშვიდობიანად და აშენოთ სახელმწიფო, უფლება თავად განსაზღვროთ საკუთარი ბედი და არ იცხოვროთ სხვა ხელისუფლების ბრძანებით,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ლუჟკოვის გამოსვლაზე დაყრდნობით.

მოსკოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსული ინვესტიციებისათვის მიმზიდველია და აღნიშნა, რომ მუშავდება ბიჭვინთაში მსხვილი საკურორტო ობიექტის მშენებლობის პროექტი.  ”საქმიანი ურთიერთქმედებისთვის მოსკოვს და და აფხაზეთს საკმაოდ ბევრი თემა აქვს,”- აღნიშნა მან.

აფხაზეთის სეპარატისტმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ინვესტიციების უფრო აქტიურად ჩადებისკენ მოუწოდა.  ”თუ ადრე რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებს ეჭვები ჰქონდათ აფხაზეთის სტაბილურობასთან დაკავშირებით, დღეს სიტუაცია ხელსაყრელია,”- აღნიშნა ბაღაფშმა.

Back to top button