
ბაიდენი კავკასიის რეგიონზე საუბრობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რადიო ”თავისუფლებისთვის” 23 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოსკოვთან ურთიერთობების ე.წ. ”გადატვირთვის” პოლიტიკა არ ნიშნავს გავლენის სფეროების აღიარებას.
”ჩვენ გვინდა ’გადატვირთვის’ ღილაკს დავაჭიროთ. მაგრამ ჩვენ ’წაშლის’ ღილაკისთვის, ’მეხსიერების წაშლის’ ღილაკისთვის არ დაგვიჭერია. მე მკაფიოდ ვთქვი, რომ არის ორი საკითხი, ორი პრინციპი, რომელიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება: გავლენის სფეროები არ დაიშვება და არ იქნება [მოლაპარაკებების] ნაწილი – ეს ერთი; და მეორე – არანაირი ვეტოს შესაძლებლობა ქვეყნების უფლებაზე – ევროპის რომელ ნაწილშიც თუ მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა – მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება რომელ ალიანსს თუ გაერთიანებას სურს შეუერთდეს,”- განაცხადა მან.
ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვნად შეცვლილ ვითარებას, როდესაც რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პოზიციები გაიმყარა, ხოლო მეორეს მხრივ გაჩნდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებების გააქტიურების ნიშნები, რასაც თან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დალაგების მცდელობაც ახლავს. შეკითხვაზე როგორია ვაშინგტონის ხედვა ამ რეგიონისადმი, მაშინ როდესაც ერთის მხრივ ჩნდება ახალი შესაძლებლობები, ხოლო მეორეს მხრივ კვლავაც რჩება მრავალი საფრთხეები, ბაიდენმა უპასუხა, რომ ის იზიარებს რეგიონის ასეთ დახასიათებას და რომ დიდმა სახელმწიფოებმა პოზიტიური კუთხით უნდა გამოიყენონ მიმდინარე პროცესები და ეს ცვლილებები შესაძლებლობებად აქციონ.
”რაც ხდება, ჩემი აზრით, არის ის, რომ ხალხები ამ რეგიონში იწყებენ იმის გააზრებას, რომ მათ ინტერესში შედის უფრო ფართო თანამშრომლობა – არა სიყვარულის და ემოციური დამოკიდებულების გამო, არამედ აუცილებლობიდან და შესაძლებლობის გაჩენიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, ევროპაც იღვიძებს – ეს სიტყვა, იღვიძებს, არ უნდა მეთქვა, მე არ ვგულისხმობ ამას უარყოფითი გაგებით – ევროპა ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ შეუძლია მას კონსტრუქციული როლი ითამაშოს, რათა უზრუნველყოს შეღწევადობა მის ბაზრებზე იმ უდიდესი ბუნებრივი რესურსების, რაც იმ რეგიონშია,” – განაცხადა ბაიდენმა.
”ეს ძალიან რთული პერიოდი იქნება. ეს იქნება საფრთხეებით აღსავსე, მაგრამ ვიტყოდი რომ ეს უფრო შესაძლებლობებით აღსავსე იქნება, ვიდრე საფრთხეებით,” – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და იქვე დასძინა რომ ვაშინგტონი მუშაობს ევროპელებთან, თურქებთან და კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან, რათა რეალური ცვლილებები მოხდეს.
”ათი წლის შემდეგ, მსოფლიოს ეს რეგიონი იქნება საზომი და ტესტი ჩვენი შვილიშვილებისთვის, რათა განსაზღვრონ მივაღწიეთ თუ არა წარმატებას ჩვენ 21 საუკუნის მსოფლიოს ჭეშმარიტად შესაცვლელად. ასე რომ, ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც შესაძლოა მოყვეს პროგრესის არ მიღწევას მსოფლიოს ამ კუთხეში. იმის გამო რომ ასეთი დიდი ფოკუსი კეთდება [ამ რეგიონზე], მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად,” – აღნიშნა ბაიდენმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი მიუხედავად რუსეთის ამჟამინდელი პოზიციებისა.
”ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი არის ძირითადი ძალა, ძირითადი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მთავარი როლი ითამაშოს პროგრესის მიღწევაში,” – განაცხადა ბაიდენმა, ”მაგრამ რუსეთს, ისევე როგორც ჩვენ, უწევს გაუმკლავდეს ეკნომიკურ სირთულეებს, პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ყალიბდება. მე რუსეთს რეალისტურად ვუყურებ და ჩემი მოლოდინია, რომ რუსეთი მომდევნო ათწლეულში გადაწყვეტს, რომ მის ინტერესშია უფრო მეტი ინტეგრაცია და არა ის განსხვავებული კურსი, რომელზეც ზოგიერთები რუსეთში შეიძლება ფიქრობდნენ. ასე რომ, ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი,” – განაცხადა ბაიდენმა.
“მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც კომპრომისი ჩვენთვის მიუღებელია; ეს არის გავლენის სფეროების იდეა და იდეა რომ შესაძლებელია ვეტოს გამოყენება. ახლა ცვალებადი დროა და ეს ჩვენგან მოითხოვს – როგორც ამას პრეზიდენტი [ობამა] იძახის – რომ ვისაუბროთ და ამავე დროს ვიყოთ ოპტიმისტები. მე მაინც მგონია რომ იმედის საფუძველი უფროა, ვიდრე ხიფათის,” დასძინა მან.