
თუთბერიძე წუხს, რომ მისი კომენტარები შეურაცხყოფად მიიღეს
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ 22 ოქტომბერს, მის მიერ Facebook-ის გვერდზე პატრიარქზე გაკეთებული ვიდეო-რგოლების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი ”მიზანი და სურვილი არ ყოფილა ვინმეს პირადი ან რელიგიური გრძნობების შეურაცყოფა.”
”ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ კიბერ სივრცეში გამოტანილი მასალები, საჯარო კომენტარები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცყოფად მიიღო,” – ნათქვამია თუთბერიძის წერილობით განცხადებაში. ”ბევრ რამეს, რასაც ჩემს [Facebook-ის] გვერდზე ვაქვეყნებ, არ ვიზიარებ. რაღაცეებს ვაქვეყნებ არა იმიტომ რომ მომწონს და მისაღებად მიმაჩნია, არამედ იმიტომ რომ ვთვლი, რომ აქტუალური და საინტერესოა.”
”მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და პროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში,” – აცხადებს თუთბერიძე. ”ვფირობ, რომ ყველა თვალსაზრისი უნდა გაიგოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროვოკაციული ან მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, რომ ყველამ ავირიდოთ თავიდან აგრესია და შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის”.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი ქმედების უკან არ დგას არცერთი ”ინსტიტუტი, უნივერსიტეტი და მეტადრე ხელისუფლება” და ”გამოქვეყნებული მასალები ან საჯაროდ გაკეთებული კომენტარები მეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მე, როგორც კერძო პირს”.