skip to content
ახალი ამბები

საარჩევნო რეფორმის ოპოზიციური ხედვა

შვიდი ოპოზიციური პარტია შეთანხმდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების 12-პუნქტიან მემორანდუმზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებთან ერთად, ძირითადად, ადგილობრივ არჩევნებზეა ფოკუსირებული.

საარჩევნო რეფორმის ერთიან პრინციპებს, რაც ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საგანი უნდა გახდეს, შემდეგი ოპოზიციური პარტიები უჭერენ მხარს: ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები  – სამივე ალიანსი საქართველოსთვის წევრია, რომლის ლიდერიც ირაკლი ალასანიაა; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო; ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ხალხის პარტია და კონსერვატორები.

ამ პარტიებიდან საარჩევნო კოდექსზე შექმნილ ჯგუფს, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მარტიდან მუშაობს, ალიანსი საქართველოსთვის პოლიტიკური სუბიექტები შეუერთდნენ და ამ ფორმატში 21 სექტემბერს მათვე წარადგინეს ერთიანი მემორანდუმი, რომლის დანარჩენი ავტორებიც ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისაგან.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა რადიო ”თავისუფლების” ქართულ სამსახურს 22 სექტემბერს განუცხადა, რომ მათი და ხელისუფლების პოზიციები ამ ეტაპზე ”დიამეტრალურად განსხვავდება”.

”სასტარტო პოზიციები დაფიქსირდა,”- განაცხადა მან სამუშაო შეხვედრის შესახებ, რომელსაც 21 სექტემბერს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელთან ერთად პირველად შეუერთდა, ”ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ ვიცით, რომ იდეალურ არჩევნებს ვერ გამოვღლეტთ ხელისუფლებას, მაგრამ ასატანი უნდა გავხადოთ საარჩევნო გარემო”.  

მან შეხვედრის რამდენიმე დეტალიც გაამხილა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის სურვილია მერი პირდაპირ მხოლოდ თბილისში აირჩეს და გახდეს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, თუნდაც მან ხმათა 50%-ზე ნაკლები მიიღოს. დღესდღეობით მერს საკრებულო ირჩევს. ამასთან, ბერძენიშვილის თქმით, სახელისუფლებო პარტია თბილისში პროპორციული არჩევნების ნაცვლად მაჟორიტარულ სისტემას თავაზობს.

შვიდი ოპოზიციური პარტიის შეჯერებული პოზიციაა, რომ დედაქალაქთან ერთად მერები ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავშიც აირჩნენ პირდაპირი კენჭისყრით და პირველივე ტურში გამარჯვებულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელიც 50%+1 ხმას დააგროვებს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმათა ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ, ოპოზიციის წინადადებით, მეორე ტური უნდა გაიმართოს.

მემორანდუმში ნათქვამია, რომ თბილისის საკრებულო უნდა აირჩეს მრავალმანდატიან ოლქებში პროპორციული სისტემით, ხოლო რეგიონების წარმომადგნელობითი ორგანოები ასეთივე ოლქებში მაჟორიტარული სისტემით.

მემორანდუმში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები პარლამენტი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აზრით, ე.წ. რეგიონალურ-პროპორციული წესით უნდა აირჩეს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, სადაც მანდატების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას, შვიდი ოპოზიციური პარტია კომისიების სრული პარიტეტით დაკომპლექტების მომხრეა, რაც გულისხმობს, რომ კვალიფიციურ სუბიექტებს ანუ პარტიებს, რომელთაც ბარიერი გადალახეს წინა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში 1-1 წევრის დანიშვნის უფლება ექნებათ ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

თუმცა დავით ბერძენიშვილის თქმით, ეს წინადადება მიუღებელია მმართველი პარტიისთვის, რომელსაც მისი შეფასებით, არ სურს კომისიებში უმრავლესობა და გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტები დათმოს.

შვიდი ოპოზიციური პარტიის წინადადებაა ასევე, რომ ამომრჩეველთა სიების ფორმირებისას საუბნო კომისიები ბიომეტრიულ მონაცემებსაც დაეყრდნონ, ხოლო სპეციალური სიები საერთოდ გაუქმდეს ერთი გამონაკლისის –  წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის – გარდა. როგორც წესი, სპეციალური უბნები იქმნება ძალოვან სტრუქტურებში მოსამსახურეებისთვის, რაც ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული ხმების გარანტირებული მიღების გზაა.

მემორანდუმის მთავარი პრინციპია ასევე ყველა საარჩევნო უბნის სათვალთვალო კამერით აღჭურვა და ნებისმიერი საარჩევნო მასალის დაინტერესებული პირისთვის დაუყოვნებლივ  ხელმისაწვდომობა, თან ამ მასალებს მტკიცებულებითი ძალა უნდა ჰქონდეს საარჩევნო დავების განხილვის დროს.

რაც შეეხება საარჩევნო დავებს, ის მემორანდუმის თანახმად, 21-წევრიანმა არბიტრაჟმა უნდა განიხილოს. არბიტრაჟი უნდა შედგებოდეს 14 კვალიფიციური სუბიექტის 1-1 წარმომადგენლისგან, უზენაესი სასამართლოს – 3 და პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ დანიშნული 2-2 არბიტრისგან, რომლებიც ხმათა 2/3-ით აირჩევენ თავმჯდომარეს.

მემორანდუმში წარმოდგენილი პრინციპები, ძირითადად, იმეორებს იმ წინადადებებს, რომლებიც ახალმა მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა გასულ თებერვალს, გაზაფხულის საპროტესტო აქციების დაწყებამდე წარმოადგინეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button