
ირაკლი ალასანიას განცხადების სრული ტექსტი
ირაკლი ალასანიას განცხადება მედიისთვის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით
თბილისი, 2008 წლის 24 დეკემბერი
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 4 დეკემბერს პირადი გადაწყვეტილებით დავტოვე გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბოლო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტის და ჩემი ძირეულად განსხვავებული ხედვა ქვეყნის შიდა და სამხედრო-პოლიტიკური განვითარების საკითხებში, მათ შორის კონფლიქტების მოგვარებაში.
ჩემი სამსახურეობრივი პოზიციებიდან მუდმივად ვცდილობდი წვლილი შემეტანა კონფლიქტების მშვიდობიან მოგავრებაში.
ხელისუფლებასთან პრინციპული განსხვავებები ჩემთვის საბოლოოდ აგვისტოს მოვლენების შეფასებაში და შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ხედვაში გამოიკვეთა. ვფიქრობ, ეს კრიზისი განაპირობა ქვეყნისათვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღების ერთპიროვნულმა, ქაოტურმა, არაინსტიტუციურმა პროცესმა და სახელმწიფო მართვის გამჭირვალე სისტემის არასებობამ. ამ საკითხზე ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ხშირად ვაცნობდი საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ ეს მოსაზრებები არ იქნა გაზიარებული, რამაც დამარწმუნა, რომ დაკავებული თანამდებობიდან მოვლენებზე რაიმე დადებითი გავლენის მოხდენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტი კარგა ხნის წინ, უკანასკნელად კი ორი თვის წინ ჩავაყენე საკმის კურსში, თუმცა გადაწყვეტილების შესრულება კონფლიქტურ ზონებში გაუთავებელი კრიზისული სიტუაციების და ბოლოს, აგვისტოს ტრაგედიის გამო გადაიდო.
ყოველთვის მწამდა, რომ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზა იყო და დღესაც რჩება ქვეყნის გამთლიანების ერთადერთ რეალურ შესაძლებლობად. ხელისუფლების მთავარი მოვალეობა იყო იმ პროგნოზორებადი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება, რომელშიც ჩათრეული აღმოვჩნდით მიუხედავად ჩვენი სტრატეგიურლი მოკავშირეების არაერთი გაფრთხილებისა. ეჭვგარეშეა, რომ მოწინააღმდეგე კარგად მომზადებული და ინფორმირებული იყო. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მოუმზადებელი აღმოჩნდა საქართველოზე განხორციელებული აგრესიის მოსაგერიებლად.
პრეზიდენტმა ვერ შეაფასა ვერც ჩვენი ძალები და ვერც მოსალოდნელი აგრესიის მასშტაბები და კატასტროფული შედეგები. რუსეთთან ომის თავიდან აცილების გზები არსებობდა. ამ პროვოკაციულ ომში საქართველოს ჩაბმის პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტს ეკისრება.
დღეს საქართველოს უსაფრთხოება დაუცველია. დარღვეულია სახელმწიფო საზღვრები, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ეთნიკური წმენდის კიდევ ერთმა ტალღამ ასეულ ათასობით დევნილს შემატა ათეულ ათასობით ახალი დაუცველი და განადგურებული ოჯახი. ხალხი სამხედრო დაპირისპირების განახლების შიშის ქვეშ იმყოფება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუდარებლად გართულდა.
ომით გამოწვეულმა არასტაბილურობამ ქვეყნას დააკარგვინა საინვესტიციო მიმზიდველობა. ეკონომიკური სტრატეგიის არასებობა, ბიზნესზე გამუდმებულმა ზეწოლამ და მზარდმა უმუშევრობამ გააჩინა მოსახლეობის უიმედობა.
2004 წელს საქართველოში დაწყებული ცალკეული ოპოზიციური ძვრები სამწუხაროდ შეუქცევადი არ აღმოჩნდა. დღეს საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს სამოქალაქო უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დარღვევა – თავისუფალი მედიის შეზღუდვა, სასამართლო სისტემის უსამართლობა, სამართალდაცვით სტრუქტურებში დანაშაულებრივი, რეპრესიული ქვედანაყოფების გაჩენა, საკუთრების უფლების იგნორირება.
ქვეყანას სჭირდება ძირფესვიანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას და გააჩენს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის იმედს. ეს გარდატეხა გარდაუვალია. მისი აუცილებლობა კარგად ესმის როგორც ხალხს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენ ამაში სრული მხარაჭერა გვექნება.
საქართველოს მომავალი დასავლეთთან ინტეგრაციასა და ევროპული უსაფრთხოების სისტემაშია. საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა გახდეს ყოვლისმომცველი და ინსტიტუციურად მყარი. ამასთანავე, არსებული საფრთხეები და ახალი რეალობა გვკარნახობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების აღდგენისთვის პრაგმატული და პრინციპული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას.
წარსულის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა გამთლიანებული, სტაბილური და სამართლიანი ქვეყნის აშენება, დღეს გვეძლევა ამის შანსი. ჩვენ ახალი პოლიტიკური აზროვნებით პრობლემების მოგვარების ახალი შესაძლებლობები უნდა გავაჩინოთ.
გამოსავალი კომპრომისებით მოიძებნება. ხელისუფლებამ განსხვავებული აზრი აღარ უნდა ჩათავლოს მტრობის გამოხატვად. კრიზისიდან გამოყვანის სტრატეგია ყველა თაობის პროფესიონალების რეკომენდაციებზე უნდა ავაგოთ.
საქართველოში უნდა შევცვალოდ ქვეყნის მართვის ფილოსოფია. შევქმნათ ძლიერი, დემოკრატიული და გამჭირვალე სახელმწიფო ინსტიტუტები, კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო.
ეს ცვლილება იქნება საქართველოს მოსახლეობის ნების გამოვლინება, იქნება მშვიდობიანი და არ გასცდება კონსტიტუციის ფარგლებს. ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს ყველა ღირსეული და პატრიოტი ადამიანი, იქნება იგი ხელისულფებაში, ოპოზიციაში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის გარეთ. ჩვენ ერთად, თანხმობით, მოთმინებით და სიმტკიცით გავაკეთებთ ახალ არჩევანს.
სწორედ ამ მიზნით და ამ რწმენით დავიწყე კონსულტაციები ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, რათა ჩვენი გამოცდილება მოხმარდეს ხალხის კონსოლიდაციას ქვეყნის გამთლიანების, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.