ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები საქართველოსთვის თავდაცვის სისტემებს ლობირებენ

საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა აღიჭურვოს ჰაერსაწინააღმდეგო და ჯანშანსაწინააღმდეგო სისტემებით, რათა მოგერიებული იქნას რუსეთის შესაძლო შეტევის მცდელობა, განაცხადა ორმა გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა.

სენატორმა ჯო ლიბერმანმა და ლინდსი გრემმა ერთობლივ მოსაზრებაში, რომელიც Wall Street Journal-ში 26 აგვისტოს გამოქვეყნდა, განაცხადეს, რომ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ საქართველოსთვის გასაწევი ნებისმიერი დახმარების გეგმა ”უნდა მოიცავდეს საქართველოს უსაფრთხოების ძალების აღდგენას”.

სენატორი ლიბერმანი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ჯონ მაიკკეინის ახლო მეგობარია და ლინდსი გრემი, რესპუბლიკელი სენატორი თბილისს 20 აგვისტოს სტუმრობდნენ. მათ მოლაპარკებები გამართეს საქართველოს ხელმძღვანელობასთან.

ორმა სენატორებმა საგაზეთო სტატიაში განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარება აქამდე ფოკუსირებული იყო კონტრტერორისტული ძალების მიმართულებაზე, რაც ხელს უწყობდა საქართველოს წვლილს კოალიციის ფარგლებში ერაყში.

”ჩვენ ვერიდებოდით მიგვეცა საქართველოსთვის იმ სახის დახმარება უსაფრთხოების სფეროში, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფართომასშტაბიანი შეტევის პირობებში,”- განაცხადეს სენატორებმა, ”ახლა უკვე მოვიდა დრო შეიცვალოს ასეთი მიდგომა”.

”კერძოდ, ქართველ სამხედროებს უნდა მიეცეს ჰაერსაწინააღმდეგო და ჯანშანსაწინააღმდეგო სისტემები, რაც საჭიროა რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაძლო განახლების მოსაგერიებლად. ეს თავდაცვის სისტემები ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის განახლების პრევენციას და ეს ასევე იქნება იმის ნათელი ნიშანი, რომ ჩვენ არ მივცემთ რუსებს სუვერენულ ქვეყნების საზღვრების ძალისმიერი მეთოდით გადასინჯვის უფლებას”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ზარალის ზუსტ ოდენობაზე ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

იმავდროულად, რუსული მედია საუბრობს, რომ რუსულმა მხარემ ხელში ჩაიგდო რიგი ქართული სამხედრო აღჭურვილობა, ან გაანადგურა. თუმცა შეუძლებელია სრული სურათის გამოკვეთა ამ ეტაპზე მაშინ, როცა ამ ცნობების დადასტურება ვერ ხერხდება.

ამ სხვადასხვა და დაქსაქსულ ინფორმაციებზე დაყრდნობით რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე შეეცადა თავი მოეყარა ინფორმაციისთვის, რომლის თანახმადაც საქართველომ დაკარგა 65 ტანკი 130-140-დან, რომელიც კონფლიქტის დაწყებამდე გააჩნდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები რუს სამხედროებზე დაყრდნობით ასევე აცხადებენ, რომ მათ ხელში ჩაიგდეს 5 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. თუმცა ამის დამოუკიდებელი წყაროების მიერ დადასტურება არ მომხდარა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ჯო ლიბერმანისა და ლინდსი გრემის თბილისში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ახლა სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯანშანსაწინააღმდეგო სისტემები სჭირდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 აგვისტოს ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ესაჭიროება დახმარება ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაში.

”გუშინ ჩვენთან სტუმრად იყო სენატორების ჯგუფი, ისინი მზად არიან საქართველოს დაცვის საშუალებების ამაღლებისათვის გამოყონ თანხები. ჩვენ პენტაგონის სარდლობასთან და ნატოს ერთად გავდივართ საკითხებს, რათა ამ მიმართულებით მოხდეს გაძლიერება,”- განაცხადა ხუთი დღის წინ სააკაშვილმა.

 

Back to top button