
რუსეთის განშტაბი ეუთოს დამკვირვებლებს აკრიტიკებს
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში მყოფმა ეუთოს დამკვირვებლებმა იცოდნენ საქართველოს მიერ დაგეგმილი შეტევის შესახებ, მაგრამ ამის შესახებ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას არ აცნობეს.
”ჩვენ გვაქვს პრეტენზიები ეუთოს საქმიანობასთან დაკავშირებით კონფლიქტის საწყის ეტაპზე,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” ნოგოვიცინის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება მოსკოვში 21 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”მათ [ეუთოს დამკვირვებლებს] აცნობა ქართულმა მხარემ დაგეგმილი შეჭრის თაობაზე, თუმცა რუსი სამშვიდობოები ამის შესახებ არ გააფრთხილეს… ეს არის ის, რაზეც დაფიქრებაა საჭირო,” – დასძინა მან.
ამ კრიტიკულ განცხადებას წინ უძღოდა ეუთოს გადაწყვეტილება ”სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე” 20 უიარაღო დამკვირვებლის გამოგზავნის თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია სად განთავსდებიან ისინი. ეუთო ასევე გეგმავს მომავალში დამკვირვებელთა რაოდენობის 100-მდე გაზრდას. როგორც ჩანს, რუსეთი ადგილზე დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის დაუყონებლივ განთავსების წინააღმდეგია.
ნოგოვიცინმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ რუსი სამხედროები განახორციელებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ”სამშვიდობო მისიას”.