
ბაღაფში რუსეთს დამოუკიდებლობის ცნობას თხოვს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თხოვნას რუსეთისადმი აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იტყობინება ”ინტერფაქსი”.
მიმართვის ადრესატია რუსეთის პრეზიდენტი და ფედერალური საბჭოს ზედა და ქვედა პალატა.
იმავდროულად, ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ ხვალ სოხუმის ცენტრში იგეგმება საერთო-სახალხო თავყრილობა დამოუკიდებლობით მოთხოვნით.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 14 აგვისტოს მაშინ, როცა კრემლში მასპინძლობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითს, დაარწმუნა ისინი, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს აფხაზი და ოსი ხალხების გადაწყვეტილებას რეგიონების მომავალ სტატუსთან დაკავშირებით.
12 აგვისტოს აფხაზმა სეპარატისტებმა, როგორც ქართული მხარე აცხადებს უბრძოლველად, დაამყარეს კონტროლი ზემო კოდორის ხეობაზე – ერთადერთ ტერიტორიაზე აფხაზეთში, სადაც ქართული იურისდიქცია ვრცელდებოდა.