
სოხუმის განსხვავებული რეაქცია ბერლინის შეხვედრაზე
მართალია აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გამორიცხა პირდაპირი მოლაპარაკებები თბილისთან, მან არ გამორიცხა სოხუმის შესაძლო მონაწილეობა ბერლინში დაგეგმილ მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში – მისი ეს პოზიცია ნაწილობრივ განსხვავდება 25 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებებისან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა და გერმანიის ელჩი საქართველოში პატრისია ფლორი 25 ივლისს სოხუმში ჩავიდნენ, რათა დაერწმუნებინათ აფხაზური მხარე მონაწილეობა მიეღო ბერლინში მომავალ კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებებში. მათ აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან გერმანიის მიერ შემოთავაზებული სამეტაპიანი გეგმაც განიხილეს.
სერგეი ბაღაფშმა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე განიხილავს ბერლინის შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუ მეგობართა ჯგუფი (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის და აშშ) რეალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს აფხაზურ მხარეს ზემო კოდორის ხეობასა და ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით.
სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებების განახლებისთვის ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას და ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერას ითხოვს.
სერგეი შამბამ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე განაცხადა მოგვიანებით 25 ივლისს, რომ ”პრინციპში” სოხუმი არ არის ბერლინის შეხვედრის წინააღმდეგი, თუმცა იქვე დასძინა, რომ შეხვედრაში მონაწილეობის თანხმობა არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებები განახლდა.
”მეგობართა ჯგუფის შეხვედრა არ ნიშნავს [კონფლიქტის] მხარეებს შორის მოლაპარაკებას,” – განაცხადა მან მოგვიანებით, 25 ივლისს. ”მეგობართა ჯგუფი იწვევს კონფლიქტის მხარეებს და უსმენს მათ მოსაზრებას და პოზიციას”.
შამბამ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრის შემოთავაზებული თარიღი – მომავალი კვირის ფარგლებში – სოხუმისთვის მიუღებელია. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რატომ იყო ეს თარიღი მიუღებელი. ”ჩვენ შევხედავთ როდის იქნება ეს შეხვედრა შესაძლებელი და განვაცხადებთ ჩვენი წინადადების თაობაზე,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
იმავე დღეს გაკეთებულ ადრინდელ განცხადებაში შამბა ბერლინის შეხვედრას უფრო ეწინააღმდეგებოდა. ”მოლაპარაკებების განახლება ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანამდე იმის მაჩვენებელი იქნება, რომ აფხაზური მხარე იღებს ახალ არსებულ რეალობას [ზემო კოდორის ხეობაში], რომელიც ქართული მხარის უკანონო ქმედებების შედეგად წარმოიშვა,” – განაცხადა მან.
აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას მიერ გაკეთებული განცხადება ასევე განსხვავდებოდა აფხაზეთის ლიდერის განცხადებისგან.
25 ივლისს მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ ლაკობამ განაცხადა, რომ სოხუმის მონაწილეობა ბერლინის შეხვედრაში გამორიცხულია. ”ამ საკითხს არც განვიხილავ. მას მხოლოდ მას შემდეგ განვიხილავთ, როცა ჩვენი წინაპირობები იქნება შესრულებული,” – განაცხადა მან.
”აფხაზური მხარე არ აპირებს, რომ ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანის საკითხი მოლაპარაკებების თემად აქციოს,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ლაკობას სიტყვებზე დაყრდნობით. ”ძალების გაყვანა უნდა იყოს წინაპირობა მოლაპარაკების განახლებისთვის და არა მოლაპარაკების საგანი,” – დასძინა მან.
სოხუმის შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი იყო ბრაიზას შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან ბათუმში. 26 ივლისს თბილისში ამერიკელი დიპლომატის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.