skip to content
ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისსა და სოხუმს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 17-18 ივლისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება დღეს საქართველოს საგარეო უწყება.

17 ივლისს იგი პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს შეხვდება.

თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს.

18 ივლისს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სოხუმში გაემგზავრება და თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ლიდერებს შეხვდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 15 ივლისს აფხაზეთის კონფლიქტზე სატელეფონო საუბარი გამართა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან.

გერმანიამ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამ-ფაზიანი გეგმა მოამზადა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პირადად მონაწილეობდა ამ გეგმის განხილვაში, როდესაც დიპლომატები გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფიდან 30 ივნისს ბერლინში შეიკრიბნენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კავკასიის საკითხებში ჰანს-დიტერ ლუკასი 15 ივლისს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა, ერთი დღით ადრე კი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სოხუმს სტუმრობდა, სადაც გეგმა აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს წარუდგინა.

მოგვიანებით ბაღაფშმა განაცხადა: ”ჩვენ ვერ განვიხილავთ მას იმ ფორმით, როგორც ის არის წარმოდგენილი”.

მეგობართა ჯგუფის წევრები არიან საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ. რუსეთს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია და თავისი პოზიცია სამ-ფაზიან მოგვარებაზე საჯაროდ არ დაუფიქსირებია.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button