ახალი ამბები

რუსეთი აღიარებს ცხინვალის რეგიონში საჰაერო სივრცის დარღვევას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის საჰაერო ძალების  ხომალდების მიერ განხორციელებული ფრენები და ეს ნაბიჯი გაამართლა რეგიონში სიტუაციის ძალისმიერი გზით განვითარების ”რეალური საფრთხით”.

მისი თქმით, ეს ქმედება მიზნად ისახავდა ”თბილისში ცხელი თავების გაგრილებას”.

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც რუსეთმა აღიარა, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 9 ივლისს განაცხადა, რომ 8 ივლისს საღამოს საქართველოს საჰაერო სივრცე, სამხრეთ ოსეთის თავზე ოთხმა თვითმფრინავმა დაარღვია, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან შემოფრინდნენ. ორი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20:11 საათზე შემოფრინდა როკის გვირაბის თავზე, ხოლო მოგვიანებით მათ კიდევ ორი თვითმფრინავი მოყვა, განაცხადა საქართველოს საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილემ ზურაბ ფოჩხუამ.

რუსეთმა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა ამ საკითხზე 9 ივლისს, დუმილი 10 ივლისს დაარღვია და განაცხადა, რომ თვითმფრინავები იმიტომ გააგზავნა, რომ სამხრეთ ოსეთში დაძაბულობა განემუხტა, რაც მოყვა სამხრეთ ოსური მხარის მიერ ოთხი ქართველი სამხედროს დაკავებას. 

”8 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სერიოზულად დაიძაბა ვითარება,”- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში, ”მოვიდა ინფორმაცია, მათ შორის სამშვიდობო ძალებიდან, ქართული ფორმირებების მიერ პირდაპირი შეჭრის შესაძლებლობის თაობაზე, ვითომდა ოსი სამართალდამცავების მიერ დაკავებული ოთხი სამხედროს გათავისუფლების მიზნით”.  

”გაჩნდა სასწრაფო და ქმედითი ზომების მიღების აუცილებლობა, რათა არ დაგვეშვა სისხლისღვრა და სიტუაცია სამართლებრივ მშვიდობიან ჩარჩოებში შეგვენარჩუნებინა,” – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”სიტუაციის დაზუსტების მიზნით, რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ხანმოკლე ფრენა განახორციელეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, სწორედ ეს ნაბიჯი დაეხმარა  თბილისში ცხელი თავების გაგრილებას და ძალისმიერი სცენარით სიტუაციის განვითარების თავიდან აცილებას, რისი ალბათობაც საკმაოდ რეალური იყო”.   

რუსეთის საგარეო უწყებამ არ დააკონკრეტა საქართველოში გაგზავნილი თვითმფრინავების რაოდენობა.

საქართველოს საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, მისმა რადარმა დააფიქსირა ოთხი რუსული თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციის 80 კილომეტრის სიღრმეში და ასევე დააფიქსირა, თუ როგორ გადმოკვეთეს მათ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბზე. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავებმა დაახლოებით 40 წუთი იტრიალეს ცხინვალის ჩრდილოეთის თავზე და შემდეგ უკანვე, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდნენ.

7 ივლისს ღამით ოსურმა მხარემ ოთხი ქართველი სამხედრო დააკავა. 8 ივლისს მათი გათავისუფლების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ ოპერაციის განხორციელებისთვის იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ოსური მხარე უარს იტყოდა ოთხი სამხედროს გათავისუფლებაზე. იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველეყო ოთხი ქართველი სამხედროს გათავისუფლება.

 

Back to top button