ახალი ამბები

შეტაკება კოდორის ხეობაში

სამი ქართველი პოლიციელი დაიჭრა 9 ივლისს კოდორის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად, რომლის დროსაც ოთხი ”თავდამსხმელი” დაიღუპა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აფხაზურმა მხარემ დაადასტურა შეტაკების ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ მისი ორი სამხედრო დაიჭრა.

ორივე მხარემ ასევე დაადასტურა, რომ შეტაკება აჩამხარას მთაზე მოხდა – ეს დაუსახლებელი ადგილი ქართული და აფხაზური მხარეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის მდებარეობს.

”ეს არის ბუფერული ზონა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობასა და აფხაზების მიერ კონტროლირებად ტეროტორიას შორის და არც ერთ მხარეს იქ საგუშაგოები არ უნდა ჰქონდეს,” – განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა Civil.Ge-ს. მან იქვე დასძინა, რომ ქართულ მხარეს ჰქონდა იქ პოსტი, თუმცა გასულ წელს გააუქმა გაეროს დამკვირვებელთა თხოვნის საფუძველზე.

მან ასევე განაცხადა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში ხეობის შემოწმების დაწყებას აპირებდა 9 ივლისს დილის 11 საათზე და ამიტომაც ქართულმა პოლიციამ ტერიტორიის, მათ შორის აჩამხარას მთის პატრულირება გადაწყვიტა დაგეგმილ მონიტორინგამდე.

უტიაშვილის თქმით, შეტაკების შემდეგ ქართულმა მხარემ მოითხოვა გაეროს დამკვირვებლების მიერ ადგილის დაუყონებლივ შემოწმება. თუმცა, მონიტორინგი გაურკვეველი მიზეზების გამო 10 ივლისისთვის გადაიდო, განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ ერთი დღით დაგვიანებული შემოწმება რაიმე სიცხადეს ნაკლებად თუ შეიტანს ინციდენტში.  

”აფხაზური მხარე რამდენადაც შეუძლია მალავს ინფორმაციას ინციდენტის თაობაზე, გარდა ამისა გაეროს დამკვირვებლებს არ აძლევენ უფლებას ინციდენტის ადგილზე მონიტორინგი განახორციელონ; ყველაფერი ეს გვიბიძგებს ჩვენ ვივარაუდოთ, რომ იქ არა მხოლოდ აფხაზური ძალები არიან განთავსებული,” – განაცხადა უტიაშვილმა.

მისი თქმით, წარსული გამოცდილება ასევე უჩვენებს, რომ სროლებში შესაძლოა მონაწილეობდნენ რუსი მებრძოლები ან რუსი სამხედროები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების სტატუსით არიან განლაგებულნი.

2007 წლის სექტემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მომხდარ შეტაკებაში დაიღუპნენ ყოფილი რუსი ოფიცრები, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობდნენ აფხაზურ ძალებთან.

თუმცა, დღევანდელ ინციდენტზე აფხაზურმა მხარემ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა.

საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” საშუალებით გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ორი მილიციელი დაიჭრა მას შემდეგ, რაც ქვემო კოდორის ხეობაში აჩამხარის მთაზე მდებარე მათ საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა.  

აფხაზური მხარის ინფორმაციით, 9 ივლისს დაახლოებით დილის 6:25 საათზე საგუშაგოს თავს დაესხა ქართველი სამხედროების 10-კაციანი ჯგუფი. თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის დროს გამოყენებულ იქნა ყუმბარმტყორცნები, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

მან ასევე განაცხადა, რომ ხანმოკლე ორმხრივი სროლების შემდეგ ”დივერსანტთა ჯგუფმა” უკან დაიხია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე იტყობინება დღეს გამთენიისას გალის რაიონში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მომხდარი ცალკე ინციდენტის შესახებაც. კერძოდ, უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყუმბარმტყორცნებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა ქართული პოლიციის პოსტს, რომელიც შამგონა-ახალი აბასთუმნის მონაკვეთზე მდებარეობს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფხაზურმა მხარემ ამის თაობაზე განაცხადა, რომ ზუგდიდის რაიონში პოლიციის პოსტზე თავდასხმა თავად ქართული მხარის მიერაა ”დადგმული”.

”9 ივლისს დაახლოებით ღამის 4:15 საათზე ქართულმა სპეცსამსახურებმა კიდევ ერთი პროვოკაცია განახორციელეს, რომლის დროსაც მათ მოაწყვეს თავდასხმა სოფელ რუხში ქართული სპეცრაზმის საგუშაგოზე,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით.

”ეს არის ქართული მხარის მცდელობების ნაწილი ხელოვნურად დაძაბოს სიტუაცია რეგიონში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ [რომელიც დღეს საღამოს საქართველოში ჩამოდის],” – განაცხადა აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა. ”აშკარაა, რომ თბილისი ცდილობს არსებული სამშვიდობო ფორმატის შეცვლას მისი დასავლელი პარტნიორების დახმარებით”.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 ივლისს განაცხადეს, რომ ყველა ეს ინციდენტი, მათ შორის 8 ივლისს სამხრეთ ოსეთის თავზე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა რუსული თვითმფრინავების მიერ, იმ სცენარის ნაწილია, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

”რუსეთის ფედერაცია განზრახ ახორციელებს სიტუაციის ესკალაციას პროვოკაციული ქმედებებით, რათა გადაიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რეალური პრობლემებიდან,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.

მისი თქმით, კონფლიქტების ზონებში დაძაბულობის ესკალაციის გზით რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების ჩაშლას.

”ახლა ნათელია, ვინ არის პროვოკატორი და ვის უნდა ომი,” – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, ”ამას დავუმატოთ რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები და ყველაფერი ნათელია. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ პროვოკატორები, მაგრამ მეორე მხრივ ისინი თავად აწყობენ პროვოკაციებს”.

 

Back to top button