ახალი ამბები

გერმანია შეშფოთებულია კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის გამწვავებით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-კანცლერი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეშფოთებულია ბოლო დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მომხდარი ინციდენტების გამო.

”მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს უკანასკნელ ძალადობრივ ინციდენტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რამაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა,”- ნათქვამია შტაინმაიერის განცხადებაში, რომელიც მის ვებ-გვერდზე 8 ივლისს გამოქვეყნდა, ”მე დაჟინებით მოვუწოდებ ყველა მხარეს შემდგომი ესკალაციის შეჩერებისაკენ”.

შტაინმაიერის განცხადებით, ეს ინციდენტები მიუთითებს ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საჭიროებაზე.

”გერმანია, როგორც გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფის კოორდინატორი, აქტიურად დაეხმარება სიტუაციის განმუხტვას,”- აცხადებს შტაინმაიერი.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 8 ივლისს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში ”ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის გზები” განიხილა.

Back to top button