
ევროპის სასამართლომ ლეიბორისტების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი არჩევნების უფლებას, დაირღვა ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო უფლება.
ლეიბორისტული პარტია მოითხოვდა 2 მილიარდი ევროს ოდენობის არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას, იმისათვის რომ 2004 წლის 28 მარტის არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შედეგად პარტია პარლამენტში არ შეუშვეს.
რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ლეიბორისტული პარტია ითხოვდა 138 100 ევროს ოდენობის საარჩევნო კამპანიის ხარჯების და 23 300 ევროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას როგორც საქართველოში, ისე სტრასბურგში.
თუმცა, ევროპის სასამართლომ 8 ივლისს თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა: ”სასამართლომ ერთხმად დაასკვნა, რომ დარღვევის არსებობის აღიარება თავისთავად საკმარისია განმცხადებელი მხარისთვის არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, რის შედეგადაც სახელმწიფოს დაეკისრა 10 043 ევროს გადახდა ხარჯების დასაფარად”.
სტრასბურგში განთავსებულმა სასამართლომ განაცხადა თავის დასკვნაში, რომ ორი საარჩევნო ოლქის – ქობულეთის და ხულოს – შედეგების გაუქმება 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ”არ შეესაბამებოდა კანონის უზენაესობის მთელ რიგ პრინციპებს და დასრულდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის – დაახლოებით 60 000 ამომრჩევლისთვის საარჩევნო უფლების წართმევით”.
პოლიტიკურმა კრიზისმა ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის ხელი შეუშალა არჩევნების ჩატარებას 28 მარტს ავტონომიური რესპუბლიკის ორ ოლქში – ქობულეთსა და ხულოში. განმეორებითი არჩევნები 18 აპრილისთვის დაინიშნა, თუმცა საარჩევნო უბნები არ გაიხსნა, რის შედეგადაც დაახლოებით 60 000 ამომრჩეველს ჩამოერთვა ხმის მიცემის უფლება.
იმავე დღეს, 18 აპრილს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზურაბ ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით (ამჟამად იგი საქართველოს ელჩია ევროპის საბჭოში) არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა აჭარის ორი ოლქის შედეგების გარეშე. ლეიბორისტულმა პარტიამ 6.01% მიიღო, მაშინ როცა 7% იყო საჭირო საარჩევნო ბარიერის გადასალახავად.
ლეიბორისტულმა პარტიამ ევროპის სასამართლოში წარდგენილ საქმეში აცხადებდა, რომ მან დაკარგა საპარლამენტო მანდატების მიღების შანსი, რადგანაც საარჩევნო შედეგები აჭარის ორი ოლქის შედეგების გარეშე შეჯამდა.
თუმცა, ევროპის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ მომჩივანის უფლებების დარღვევა მოხდა იმიტომ რომ მას უბრალოდ შანსი არ მიეცა განეხორციელებინა თავისი საარჩევნო უფლება იმ ორ ოლქში და არა მიტომ რომ მას თითქოსდა წაერთვა არჩევნებში მოგების შანსი ამ ორი ოლქის ხმების არ გათვალისწინების გამო.
ლეიბორისტულ პარტიას ასევე ჰქონდა პრეტენზიები ზოგიერთ სხვა საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, ის აპროტესტებდა ამომრჩეველთა სიების შედგენის წესს; მას ასევე ჰქონდა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ცესკოს წევრთა უმეტესობა მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო და რომ ცესკო გადაწყვეტილებებს ხმების უმრავლესობით იღებდა, რამაც საშუალება მისცა მას უგულებელეყო ლეიბორისტული პარტიის უამრავი პროტესტი საარჩევნო დარღვევების თაობაზე. თუმცა, ევროპის სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის ეს პრეტენზიები არ დააკმაყოფილა.