ახალი ამბები

ქართველი სამხედროების გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს – იაკობაშვილი

ქართული მხარე ”აქტიურ” მოლაპარაკებებს აწარმოებს რუს სამშვიდობოებთან და რუსულ მხარესთან ოთხი ქართველი სამხედროს გათავისუფლების მიზნით, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა.

ქართველი სამხედროები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამართალდამცავებმა გასულ ღამეს კონფლიქტის ზონაში დააკავეს. მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა და წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს. ცხინვალის განცხადებით, სამხედროები სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს მტკიცება და განაცხადა, რომ მისი ლოგისტიკის ბატალიონის ოთხი სამხედრო  ”სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ კავკასიური მებრძოლებისგან შემდგარმა უკანონო შეიარაღებულმა ბანდფორმირებამ გაიტაცა”.

”ისინი იყვნენ უკანონოდ დაკავებულები, ისინი არ წარმოადგენენ არანაირ დივერსანტებს ან დამნაშავეებს,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თემურ იაკობაშვილმა, ”მე იმედი მაქვს, რომ ეს ინციდენტი იქნება აღმოფხვრილი დღის ბოლოს”.

მისი თქმით, დღეს ცხინვალს სტუმრობს საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს ელჩების დელეგაცია და  ”იმედია, რომ ჩვენი თანამემამულეები დაგვიბრუნდებიან ეუთოს ელჩებთან ერთად”.
  

Back to top button