ახალი ამბები

ოპოზიციას სურს მმართველი პარტია გამოეთიშოს არჩევნებს

ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო 21 აპრილს საღამოს 6 საათისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარედგინა დეპუტატობის კანდიდატების სიები, ამიტომაც მას 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს.


მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ცესკოში თავიანთი პარტიული სია ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიტანეს, თუმცა ოპოზიციური კოალიციის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც განაცვიფრა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებამ, მხოლოდ ”ცარიელი ფურცლები წარადგინა”. ბურჯანაძემ, რომელიც სიის პირველ ნომერს წარმოადგენდა, 21 აპრილს განაცხადა, რომ იგი აღარ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას პარტიულ სიაზე შეუთანხმებლობის გამო.
 
”ნაციონალურმა მოძრაობამ დეპუტატობის კანდიდატთა არასრული სია წარუდგინა ცესკოს,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ ოპოზიციური კოალიციიდან, ”ცესკოში წარდგენილი სია არის ის გვარებიც, რომლებიც სიაში ბურჯანაძის განცხადებამდე იყვნენ. ახლა იქმნება ახალი სია პრეზიდენტის კაბინეტში და მათ უნდათ, რომ ეს სია ჩუმად შეიტანონ ცესკოში შუაღამისას… ჩვენ ვითხოვთ, რომ გვაჩვენონ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი სია, რათა არ მოხდეს მასში ცვლილებების შეტანა”.


კანონის თანახმად, ცესკოს წევრებს აქვთ უფლება ნახონ პარტიული სიები. ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა მოითხოვეს მმართველი პარტიის სიის ნახვა, თუმცა მათ უარი უთხრეს.


ამასობაში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ გადაცემა Primetime-ში საუბრისას სიის პირველი ცხრა წევრი დაასახელა. მათ შორის სამი მთავრობის წევრია – დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი, კობა სუბელიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და ზაზა გამცემლიძე, გარემოს დაცვის მინისტრი (იგი მესამეა სიაში და ამავე დროს ვაკის მაჟორიტარულ ოლქშიც იყრის კენჭს). მეოთხე ნომერია მსახიობი გია როინიშვილი, განაცხადა უგულავამ.


შემდეგ მოდიან: ნუგზარ წიკლაური, გამომცემელი; ხათუნა ოჩიაური, საკრებულოს წევრი; მიხეილ მაჭავარიანი, ვიცე-სპიკერი; გიგი წერეთელი, დეპუტატი; დავით დარჩიაშვილი, ”ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორი.


უგულავას თქმით, ბურჯანაძის რეკომენდაციით სიაში რჩება  კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე.


 


 

Back to top button