
საქართველოს, დაახლოებით, 40 უპილოტო თვითმფრინავი ჰყავს – სააკაშვილი
საქართველოს დაახლოებით 40 უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატი ჰყავს, რომლებიც ისრაელში იქნა შესყიდული და პოლიციას და სამხედრო ძალებს გაუნაწილდა, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა New York Times-ს.
საქართველოს განცხადებით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა MIG-29-მ მისი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ქართულმა მხარემ გაავრცელა თვითმფრინავზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული მასალა, სადაც ჩანს, როგორ ესვრის საბრძოლო თვითმფრინავი ქართულ საფრენ აპარატს ჭურვს. ქართული სარადარო მონაცემების თანახმად, MIG-29 აფხაზეთის გუდაუთის ბაზიდან აფრინდა და ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთში გაფრინდა.
აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ჩამოგდებული ქართული თვითმფრინავის ნამსხვრევების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის მიერ 2006 წელს წარმოებული საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავი. სოხუმის განცხადებით, ანალოგიური თვითმფრინავი მარტშიც იქნა ჩამოგდებული. მარტში ქართულმა მხარემ ეს ინფორმაცია უარყო. თავდაპირველად, თბილისი 20 აპრილის შემთხვევასაც უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა ეს ფაქტი.
New York Times-ი იტყობინება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საბრძოლო თვითმფრინავის კამერით გადაღება მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ პირველად გამოსროლილი ჭურვი ასცდა თვითმფრინავს, რომელსაც პატარა ზომის ძრავა ჰქონდა და რთული სამიზნე იყო. სავარაუდოდ, მეორედ პილოტი შეეცადა უფრო ახლოს მისულიყო თვითმფრინავთან, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მისი დაფიქსირება, სანამ თვითმფინავს ჩამოაგდებდნენ.
სააკაშვილმა ასევე განუცხადა New York Times-ს, რომ ის 21 აპრილს დაახლოებით 40 წუთის მანძილზე ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინმა არც დაადასტურა, არც უარყო თავდასხმის ფაქტი და რომ ორი პრეზიდენტი დაუპირისპირდა ერთმანეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით.