ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ”დესტრუქციულ” ქმედებებზე განცხადება მიიღო

საქართველოს პარლამენტი მტკიცე პროტესტს გამოხატავს რუსეთის გადაწყვეტილების გამო გამოვიდეს დსთ-ის 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებიდან, რომელიც აფხაზეთის მიმართ ”არა მხოლოდ ეკონომიკურ და სავაჭრო სანქციების დაწესებას, არამედ სამხედრო დახმარების შეზღუდვასაც” ითვალისწინებს და იმედოვნებს, რომ დსთ-ს სხვა სახელმწიფოები მხარს არ დაუჭერენ რუსეთის ამ ”დესტრუქციულ” გადაწყვეტილებას.


პარლამენტის მიერ 14 მარტს მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებით ცდილობს ხელი შეუშალოს შემდგომ წინსვლას საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. თბილისი დიდ იმედებს ამყარებს ალიანსის 2-4 აპრილის ბუქარესტის სამიტზე, სადაც შესაძლოა ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს.


”ეს არის რუსული მხარის მცდელობა, არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ალიანსის გადაწყვეტილებაზე,”- ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში, ”ეს არის მცდელობა განხორციელდეს სეპარატისტული რეჟიმებისთვის შეუზღუდავი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების ლეგიტიმაცია რეგიონის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარების გარეშე”.


ქართველი დეპუტატები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთი 1996 წლის შეთანხმებიდან გამოსვლით პატივს არ სცემს და იგნორირებას უკეთებს დსთ-ს გადაწყვეტილებებს და ამით თავად აყენებს ეჭვქვეშ კონფლიქტის ზონაში არსებული დსთ-ის მოქმედი სამშვიდობო ფორმატის სამართლებრივ ბაზას. 


პარლამენტის განცხადება ასევე ეხმაურება 13 მარტს რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთან ”შეუთანხმებლად” შედგა. სათათბირო, რომელმაც სეპარატისტული რეგიონების აღიარების მოწოდებისაგან თავი შეიკავა, ამ საკითხის განხილვას პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას გეგმავს.


”საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის დუმის მიერ საქართველოს რეგიონების შესახებ საკითხის ცალმხრივად განხილვის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან,”- ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button