
მთავრობა საქართველოს გლობალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას იმედოვნებს
პარლამენტი იხილავს საქართველოს გლობალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანია საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის სწრაფი განვითარება.
კანონპროექტთა პაკეტი მოიცავს 3 ახალ კანონსა და ცვლილებებს 22 მოქმედ კანონში. ამ პაკეტის ერთ-ერთი ავტორია ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე, რომელიც საპარლამენტო განხილვებზე წარადგენს ამ ცვლილებებს.
”ეს არის პაკეტი იმის შესახებ, რომ საქართველომ თავისი კონკურენტუნარიანი ადგილი დაიმკვიდროს 21-ე საუკუნის მსოფლიოში,”- აცხადებს ბენდუქიძე, ”ეს კანონპროექტი არაერთხელ იქნა განხილული უცხოელ ფინანსისტებთან, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში და მან დიდი მოწონება დაიმსახურა, ოპტიმიზმი დიდია, რაც დაფუძნებულია რეალობაზე და ეს არ არის თვითდაჯერება”.
ბენდუქიძის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციით, საქართველოს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ სინგაპურის ტიპის ფინანსურ ცენტრად იქცეს. მისი თქმით, საქართველოს მთავარი კონკურენტი კვიპროსი იქნება.
ახალი ინიციატივის თანახმად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს საერთაშორისო საფინანსო ცენტრის რეჟიმი, საიდანაც 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 10-12 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური აქტივების დაგროვებაა ნავარაუდევი.
კანონპროექტთა პაკეტი მოიცავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად საგადასახადო და საბაჟო რეგულაციების კიდევ უფრო გამარტივებას.
გარდა ამისა, დაგეგმილია მომდევნო 5 წლის განმავლობაში დღეს არსებული 25%-იანი საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე ეტაპობრივი შემცირება.
იმავდროულად, ცვლილებებით დგინდება ბიუჯეტის სავალდებულო პროფიციტი, რომლის მოცულობაც მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კანონპროექტი ავტორები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გამოიწვევს ინფლაციის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
ახალი ინიციატივა ინფლაციის შეჩერების ბერკეტად ასევე მოიაზრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირად პასუხისმგებლობაზე ამ საკითხის მიბმას. თუ ინფლაცია 2%-იანი ცდომილებით ერთნიშნა მაჩვენებელს გადააჭარბებს, დადგება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. იმავდროულად, გაიზრდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პარლამენტისადმი მისი ანგარიშვალდებულება.
გარდა ამისა, საბიუჯეტო პროფიციტისა და საპრივატიზაციო შემოსავლების ხარჯზე იგეგმება ორი ფონდის შექმნა.
”მომავალი თაობების ფონდის” მიზანი იქნება, რომ საქართველო ფინანსურად მზად იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაცია-რეინტეგრაციისათვის. მთავრობა ვარაუდობს, რომ 5 წლის განმავლობაში ფონდში 3 მლრდ ლარამდე დაგროვდება.
ანალოგიური წყაროებით შეივსება ”სტაბილური განვითარების ფონდიც”, რომელშიც 5 წლის განმავლობაში 2 მლრდ ლარამდე თანხის აკუმულირება იგეგმება. ფონდი გამოყენებული იქნება პერიოდულ წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირებისათვის.
ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს ბიზნესის დაწყების კიდევ უფრო გამარტივებას, საფონდო ბაზრის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას (შესაძლებელი იქნება რამდენიმე ბირჟის არსებობა), ფინანსური სფეროს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ფულის გათეთრებასთან ბრძოლას.
კახა ბენდუქიძის განცხადებით, ამ ცვლილებების უდიდესი ნაწილი, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ პაკეტს მხარს დაუჭერს, ძალაში 2009 წლიდან შევა.