
გამყრელიძე პატარკაციშვილთან შესახვედრად ლონდონში გაემგზავრა
ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ლონდონში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან შესახვედრად გაემგზავრა მას შემდეგ, რაც გავლენიანმა ბიზნესმენმა 28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში
საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებს დააფინანსოს გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო კამპანია.
”გუშინ ჩვენ სატელეფონო საუბარი გვქონდა და შევთანხმდით, რომ ლონდონში შეხვედრა არის აუცილებელი იმიტომ, რომ ბადრის ნამდვილად შეუძლია ძალიან სერიოზული როლი შეასრულოს ამ სიტუაციის კონსტიტუციურ ჩარჩოებში გაგრძელებაზე,”- განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს ლონდონში გამგზავრებამდე.
გამყრელიძე მიესალმა პატარკაციშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ”კარგია თუ ლეგალური ფული იმოქმედებს და იმოძრავებს ამ ყველაფერში და არა არალეგალური, სხვა ქვეყნებიდან წამოსული ფულები,”- აღნიშნა მან.
ახალი მემარჯვენეები დეკლარაციების დონეზე ძირითადად იზიარებენ ათი ოპოზიციური პარტიის შეხედულებებს, მათ შორის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან თავს იკავებენ. 2ნოემბერს ოპოზიცია თბილისში ხალხმრავალ აქციას გეგმავს.
მემარჯვენეები არც 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” დროს გამოსულან ქუჩაში, რის გამოც დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ გაუკრიტიკებია ისინი.