
თბილისი მოსკოვის მიერ აფხაზური ღვინის ბაზარზე დაშვებას აპროტესტებს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აპროტესტებს და ”ანექსიის მცდელობის მორიგ გამოვლინებლად” აფასებს რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის ბაზარზე აფხაზური ღვინის რეალიზების დაშვებას ეხება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს სეპარატიზმს საქართველოს ტერიტორიაზე.
”რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს ქართული მხარის რწმენას, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვის აკრძალვას არაფერი აქვს საერთო რუსეთის მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზრუნვასთან და წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ სავაჭრო ემბარგოს, რომლის მიზანია ქართველი ხალხის დასჯა დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანისთვის,” – ნათქვამია 18 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
”ბატონ ონიშენკოს უნდა მოეხსენებოდეს, რომ აფხაზეთი წარმოადგენს საქართველოს შემადგენელ ნაწილს და ქართულ პროდუქციაზე არსებული ემბარგოს ფონზე ”აფხაზური ღვინისთვის” განსხვავებული რეჟიმის დაწესება ვერ იქნება განხილული სხვაგვარად, თუ არა ამ რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობის გამოვლინება”, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
რუსეთმა საქართველოდან ღვინის იმპორტი გასული წლის 27 მარტიდან აკრძალა.