ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთში სამხედრო წვრთნების გამო შეშფოებას გამოთქვამს

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო, რისი ”ორგანიზებაც და აღჭურვა შეიარაღებით და სამხედრო ტექნიკით რუსეთის ფედერაციის” მიერ ხდება.


ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ოჩამჩირესა და წებელდას პოლიგონზე 20 აგვისტოს დაიწყო და მასში 6 ათასი სამხედრო მონაწილეობს.


საგარეო უწყება ასევე აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ წვრთნები ტარდება რუსეთის სამხედრო საფრენი აპარატების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის უპრეცედენტოდ გახშირებული დარღვეებისა და საქართველოს ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვის, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო სწავლებების ფონზე.


”მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს სეპარატისტული რეჟიმების, მათ შორის, სამხედრო მხარდაჭერა, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებული ქმედებები კონფლიქტურ ზონებში და დაიწყოს რეალურად  მიუკერძოებელი შუამავლის ფუნქციების შესრულება, რითაც აღკვეთს მოვლენათა ფეთქებადსაშიშ განვითარებას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში. 


განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს გამოიჩინოს მეტი პრინციპულობა სეპარატისტთა ქმედებების შეფასებისას და ასევე მიუთითოს რუსეთის ფედერაციას, როგორც ამავე ჯგუფის წევრ ქვეყანას მის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკის არამართლზომიერების შესახებ.

Back to top button