skip to content
ახალი ამბები

კოკოითმა უარი თქვა თბილისში გამართულ ნატოს სემინარში მონაწილეობაზე

ცხინვალი გმობს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერის დიმიტრი სანაკოევის მონაწილეობას 20 აპრილს თბილისში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 65-ე სემინარში, როგორც მისი წარმოჩინების თბილისის ”აბსურდულ” მცდელობას.


იმავდროულად ოსური მხარე აცხადებს, რომ სემინარზე მიწვეული იყო ასევე დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, თუმცა მან მონაწილეობა არ ისურვა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 21 აპრილს დე ფაქტო ვიცე-პრემიერის ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით. აქვე, ჩოჩიევი ნატოს მხოლოდ ქართული მხარის მხარდამჭერ ორგანიზაციას უწოდებს. 


”შეუძლებლად მივიჩნევთ ედუარდ კოკოითის მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ მსგავს ღონისძიებებში მანამ, სანამ საქართველო არ აღიარებს ოსი ხალხის გენოციდს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას,” – აცხადებს ჩოჩიევი. 


ასევე 21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ  საერთაშორისო საზოგადოება ”ძირითადად საქართველოსგან ცალმხრივად იღებს ინფორმაციას”.


”საქართველოს ხელისუფლება აფართოებს პროპაგანდისტულ კამპანიას, რათა სრულიად დამახინჯებული წარმოდგენა შეუქმნას საერთაშორისო საზოგადოებას კონფლიქტის დარეგულირებაში არსებულ რეალობაზე,”- ნათქვამია განცხადებაში. 


დიმიტრი სანაკოევმა პირველად მიიღო ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც ნატოს როუზ-როსის სემინარია.

თბილისში 19-21 აპრილს გამართულ სემინარში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


სანაკოევის სემინარზე სიტყვით არ გამოსულა, თუმცა მან დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ალტერნატიული ხელისუფლების მოლაპარაკებათა პროცესში მხარედ ჩართვის საკითხი დააყენა.  თუმცა მის ამ მოთხოვნას საერთაშორისო მონაწილეების მხრიდან კონკრეტული პასუხი არ მოჰყოლია.


”წინადადება, რომელიც დააყენა სანაკოევმა არის ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან და მან რაიმე ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ეხება იმიტომ, რომ ის წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს,”- განუცხადა 20 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ ”რუსთავი 2”-ს.


”და მან მიიღო დისკუსიაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ეს მავანს და მავანს შეიძლება არ ესიამოვნოს,”- დასძინა რურუამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button