skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი საქართველოში რეფორმების წარმატებაზე საუბრობს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე გამოსვლისას ისაუბრა.


”საქართველო არა მხოლოდ იქცა ნამდვილ სახელმწიფოდ ძალიან მოკლე პერიოდში, არამედ საქართველო იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად და რეფორმების თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანად.  და ეს მხოლოდ იმითი არ გამოიხატება, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში ჩვენ ვართ ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა,”- განაცხადა სააკაშვილმა 19 აპრილს.


მას ასევე აღნიშნა, რომ უნდა დაინგრეს საქართველოს, როგორც ”გაღატაკებული სახელმწიფოს” სტერეოტიპი, მითუმეტეს, რომ საქართველო ”წელს გადადის საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში”.  


მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი გეგმები და ”ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ამ [კავკასიის] რეგიონის ჰონგ-კონგი, სინგაპური ან დუბაი”. 


”ჩვენ ვაგრძელებთ რადიკალურ რეფორმებს და მე მიხარია, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა დღეს იმეორებს საქართველოს რეფორმებს… ქართველ ხალხს და მის კონსოლიდირებულ ხელმძღვანელობას აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება რეფორმების გატარების და ჩვენი ნება ურყევია და ვაპირებთ ეს მომავალშიც გავაგრძელოთ… და მივიღოთ კონკრეტული შედეგები,”- განაცხადა სააკაშვილმა. 


მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა ”საოცარი სიმწიფე და უნარი” ყველაზე უფრო დიდი დემოკრატიული ტრადიციების ერებს გაუტოლდეს.


”ძალიან ცოტა ვინმემ თუ შეამჩნია, რომ ბოლო წლებში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი  მრავალრიცხოვანი ერების ინტეგრაცია საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში ასეულობით ათასმა ადამიანმა, ვინც ეთნიკურად არ არის ქართული წარმომავლობის, ისწავლა ქართული ენა; მათ პირველად შეიგნეს  – ესენი არიან ეთნიკური აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, უკრაინელები, ესტონელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები  და იგრძნეს, რომ ისინი არიან ამ ერთიანი სახელმწიფო წევრები და ყველა მათ აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ სახელმწიფო განვითარებაში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს წარმატებებში არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებული წვლილი.


”ეს არის ის ფენა საზოგადოების, რომელსაც აქვს მორალური გავლენა საზოგადოების წინსვლაზე და ინტერესებზე… ეს ხალხი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე საქართველოს ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button