skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თბილისს „პატივისცემისკენ“ მოუწოდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ადრეა საუბარი რუსეთის ელჩის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე. ელჩი საქართველოდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც ქართულმა მხარემ ოთხი რუსი ოფიცერი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.


მან ასევე მოუწოდა საქართველოს „პატივისცემით მოეკიდოს ერთმანეთის პრობლემებს“ და თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი რიტორიკისგან.


„ერთ–ერთი საწყისს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისა წარმოადგენს დამამცირებელი ტონის დაუშვებლობა და პირველი პირებისგან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები“, – განაცხადა კარასინმა.


იმავე დღეს რუსეთის ვიცე–პრემიერმა, თავდაცვის მინისტმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი კომერციული პრინციპებით ხელმძღვანელობს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გარკვევისას.


მისი თქმით, 230 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე – სწორედ ამ ფასად გეგმავს „გაზპრომი“ საქართველოსთვის გაზის მიყიდვას 2007 წლიდან – არის კომერციული ფასი, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან.


„დიახ, სომხეთი მიიღებს ჩვენ გაზს ნაკლებ ფასად, მაგრამ ეს პოლიტიკური მიზეზების გამო არ ხდება. სომხეთმა თავისი გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა გადმოგვცა“, – განაცხადა ივანოვმა.


მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების შეწყვეტის მიზეზი  ქართული კომპანიების დავალიანებაა რუსული მხარის მიმართ.


ივანოვმა ასევე მიანიშნა, რომ საქართველოსთან დაძაბულობა მხოლოდ ჯაშუშობის გარშემო ატეხილმა სკანდალმა არ გამოიწვია. მისი თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქართველოს სამხედრო პოლიციამ რუსი ოფიცრები სცემა. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button