ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია რიგაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დღეს რიგაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტის პარალელურად 27–29 ნოემბერს დაგეგმილ კონფერენციაში “ნატოს ტრანსფორმაცია ახალ გლობალურ ერაში“. 


მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ამ კონფერენციაზე ნინო ბურჯანაძე მოხსენებას გააკეთებს თემაზე “უკრაინა და საქართველო: ნატოს წევრობის პოტენციური კანდიდატები?“.


კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ასევე აშშ–ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, ლატვიის პრეზიდენტი ვაირა ვიკე ფრაიბერგა და ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი.


ნინო ბურჯანაძე 27 ნოემბერს შეხვდება ლატვიის თავდაცვის მინისტრს ატის სლაკტერის და ამერიკელ სენატორს რიჩარდ ლუგარს.

რიგაში გამგზავრებამდე საქართველოს დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შესახებ ნატოს სამიტზე გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება, “ჩვენთვის ნატოს ყველა სამიტი მნიშვნელოვანია ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისათვის”.

Back to top button