ახალი ამბები

ნატო საქართველოსთან “ინტენსიურ დიალოგზე” გადადის

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ეტაპზე გადადის, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ნატოს წევრობის გზაზე.


ნიუ–იორკში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პროსკონფერენციაზე ნატო–ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ინტენსიური დიალოგი გულისხმობს, რომ “ალიანსი და საქართველო ძალიან მჭიდროდ იმუშავებენ ერთად და უფრო ინტენსიური დიალოგი ექნებათ ერთმანეთთან“.


“თქვენ იცით და [ნატოს საგარეო საქმეთა] მინისტრებმა დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ინტენსიური დიალოგი დაიწყოს“, – განაცხადა სხეფერმა.


ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ “ინტენსიურ დიალოგზე გადასვლას თან ახლავს გარკვეული პასუხისმგებლობაც“. უკანასკნელ პერიოდში ეს უკვე მეორედ მიანიშნა სხეფერმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე.


“თქვენ იცით, ალიანსი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს“, – განაცხადა სხეფერმა.


“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტენსიური დიალოგი ასევე გულისხმობს უფრო კრიტიკული თვალით დაკვირვებას და მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მნიშვნელოვანია [კონფლიქტების] მშვიდობიანი მოგვარების გზა გამოიძებნოს“, – დასძინა მან. 


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, ნატოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ “ნატოში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესი ხდება“.


“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა უზარმაზარი პროგრესისკენ. ახლა საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება ერთიანობა და სტაბილურობა“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


ნატოსთან ინტენსიური დიალოგი განიხილება როგორც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში (MAP) მიწვევის წინაპირობა, რომელიც თავის მხრივ პირდაპირი გზაა ნატოს წევრობისკენ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა ნატოსა და საქართველოს შორის ინტენსიური დიალოგის პერიოდში შეძენილ გამოცდილებაზე უნდა აიგოს.


თუმცა, აქამდე მოქმედი – ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმისგან (IPAP) განსხვავებით, რომლის განხორციელებაც საქართველომ 2004 წელს დაიწყო – ინტენსიურ დიალოგს რაიმე კონკრეტული ვადები არ გააჩნია.


ვაშინგტონში 18 სექტემბერს Heritage Foundation-ში გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ნათლად მიანიშნა, რომ საქართველო ნატოსთან ურთიერთობების კონტექსტში “იმ წერტილში დგას, საიდანაც უკან დახევა არ შეიძლება“.


“ევროატლანტიკური მისწრაფებები პოლიტიკური თამაშის ნაწილი არ არის; ეს არის ქართველი ხალხის პოლიტიკური მრწამსი“, – განაცხადა მან.


ბეჟუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ეს რწმენა არის მიზეზი, რისთვისაც რუსეთი “სჯის“ საქართველოს ეკონომიკური ემბარგოებით და სეპარატისტულ რეგიონებში არეულობებით.


თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ საქართველოს ნატოსკენ ლტოლვა “არ უქმნის საფრთხეს მეზობლებს“.


“ჩვენ ნატოს წევრობა ჩვენი დემოკრატიული და რეფორმების დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად გვჭირდება. ეს არის მიზეზი, რატომაც ავიღეთ გეზი ნატოსკენ და სწორედ ამას ვეუბნებით მათ, ვინც საქართველოს გზას ნატოსკენ აღიქვამენ არამეგობრულ, მტრულ ქმედებად [საქართველოს] მეზობლების მიმართ“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ ინტენსიური დიალოგი “არის წევრობის პირველი ინსტრუმენტი, რომელსაც ალიანსი კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობს“.

Back to top button