
ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას არა მანდატები, არამედ ხმები განსაზღვრავს
მმართველ პარტიას და მისი ლიდერს მიხეილ სააკაშვილს სურთ 5 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შთამბეჭდავი წარმატება მოიპოვონ, რათა კიდევ ერთხელ დაუმტკიცონ ოპონენტებს დიდი უპირატესობა; მათ მხოლოდ უმრავლესობის აღება თვითმმართველობის ორგანოებში არ დააკმაყოფილებთ, აცხადებენ ანალიტიკოსები.
ადგილობრივ არჩევნებში ოთხი ოპოზიციური სუბიექტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იბრძოლებს, თუმცა, სავარაუდოა, რომ საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში ადგილების უმეტესობას მმართველი პარტია – ნაციონალური მოძრაობა მოიპოვებს; თუმცა ამ უკანასკნელის წარმატება დაიჩრდილება, თუ ოთხი ოპოზიციური პარტიისთვის მიცემული ხმების საერთო რაოდენობა ნაციონალური მოძრაობისთვის მიცემული ხმების რაოდენობას გაუთანაბრდება.
“ნამდვილად არასასიამოვნო სიურპრიზი იქნება ხელისუფლებისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად მმართველ პარტიაზე უკეთესი შედეგი აჩვენონ“, – განუცხადა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ “სივილ ჯორჯიას“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 სექტემბერს ოფიციალურად აუწყა საზოგადოებას მისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თაობაზე და განაცხდა, რომ ამომრჩეველთა აქტივობას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება.
“5 ოქტომბერს ნუ დარჩებით სახლებში“, – მოუწოდა მან ამომრჩეველს.
გია ნოდიას თქმით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შესაძლოა ხელისუფლების “მთავარი გამოწვევა“ გახდეს.
“სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რადგან ამ არჩევნებმა უნდა გაზომოს მმართველი ძალის პოპულარობა და თუ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ხალხის საარჩევნო ურნებთან მიყვანა, მაშინ შედეგი შეიძლება არასასიამოვნო აღმოჩნდეს მისთვის“, – აცხადებს გია ნოდია.
მისი განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებში ხმების 30–35%–ს ყველა შემთხვევაში აიღებს, ანუ უმრავლესობასაც მოიპოვებს და მერობის კანდიდატებსაც გაიყვანს თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში, მაგრამ “მისთვის ეს საკმარისი არ არის“.
“მეორეს მხრივ, თუ ხელისუფლება შთამბეჭდავ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, ასეთ შედეგს მაინც დიდი მნიშვნელობა ექნება ოპოზიციისთვის, რადგან სალაპარაკო გაუჩნდება, რომ არასამართლიანი არჩევნებისა და სისტემის პირობებში მაინც ამხელა წარმატებას მიაღწია“, – აცხადებს გია ნოდია.
თბილისის საკრებულოში 37 ადგილიდან 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ, დარჩენილ 12 ადგილს კი თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ.
“არსებული კანონმდებლობის პირობებში ნებისმიერ შემთხვევაში მანდატების უსამართლო განაწილებასთან გვექნება საქმე, რადგან საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა წარმომადგენლობა ამომრჩევლის განწყობას ზუსტად ვერ ასახავს“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძე.
ამასობაში, ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ახლა იწყებენ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც საკმაოდ ზომიერად გამოიყურება.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს შორის არიან საქართველოს გზა, ლეიბორისტები, მრეწველები და კონსერვატიულ–რესპუბლიკური საარჩევნო ბლოკი. ხოლო მეხუთე სუბიექტი – ეროვნული იდეოლოგიის პარტია – მცირე პარტიაა, რომელსაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ რაიმე ამბიცია ჰქონდეს საკრებულოში ადგილების მოსაპოვებლად.
“ამ არჩევნებზე ოპოზიცია დაინახავს, რომ მან დაუშვა სერიოზული შეცდომა: პირველი ის, რომ არ გაერთიანდა, რაც ხმების გახლეჩას გამოიწვევს და მეორეც, ამ ეტაპამდე არ იმუშავა ისე, როგორც იმუშავა ხელისუფლებამ ელექტორატზე“, – განუცხადა პოლიტიკურმა მიმოხილველმა რადიო “თავისუფლებიდან“ ია ანთაძემ “სივილ ჯორჯიას“.