ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში მომხდარ შეტაკებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

8 სექტემბერს დილით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარი შეტაკების შედეგად სამი ოსი შეიარაღებული პირი და ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა. შეტაკებამდე სამი დღით ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენს, რომელიც კონფლიქტის ზონის თავზე მიფრინავდა, ოსურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა.


თბილისმა და ცხინვალმა უკანასკნელი ინციდენტის პროვოცირებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ისხდნენ ადგილობრივი დროით 11:30 საათზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულ საგუშაგოს მიუახლოვდა ოსურ სოფელ ტბეთსა და ქართულ სოფელ ნიქოზს შორის და ცეცხლი გაუხსნა. 


თუმცა, ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანას, რომელიც კონფლიქტის ზონაში “ანტი-კონტრაბანდისტული მისიით იმყოფებოდა“, ოსი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ქართველ ოფიცრებს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც მათ სოფელ ნიქოზის მახლობლად ოსი შეიარაღებული პირების პირადობის მოწმობების შემოწმება მოისურვეს.  


7 აგვისტოს სოფელ ავნევთან მომხდარი ანალოგიური ინციდენტის დროს სამი ქართველი პოლიციელი დაშავდა. 


შეტაკებიდან ცოტა ხნის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გორში ჩავიდა, სადაც ორი ქართველი ოფიცერი მოათავსეს საავადმყოფოში სიცოცხლისთვის არასახიფათო ჭრილობებით. მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეტაკების დროს 35 წლის მალხაზ კომახიძე დაიღუპა. თუმცა, ინციდენტის დეტალებზე მან კომენტარი არ გააკეთა.


ინციდენტის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ასევე გაემგზავრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე, სადაც ის, გავცელებული ინფორმაციით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება.


ბოლო ინციდენტს ქართველი პარლამენტარების მკაცრი განცხადებები მოყვა, რომელთაც სამხრეთ ოსეთის მხარის გარდა, რუსი სამშვიდობოებიც დაადანაშაულეს რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში.


“ეს ყველაფერი ძალიან ამცირებს იმ ვადას, რომელშიც არის შესაძლებელი მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მიღება ამ კონფლიქტის დასრულებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ამ ვადას გვიმცირებენ ეს ე.წ რუსი სამშვიდობოები და ზრდიან ალბათობას იმისა, რომ საჭირო გახდეს ქართველი ძალოვანების მიერ ძალოვანი ოპერაციების ჩატარება“, – განაცხადა თარგამაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში 8 სექტემბერს. 


მისი თქმით, თბილისი ძალ-ღონეს არ დაიშურებს უახლოესი თვეების მანძილზე, იმისათვის რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს, თუმცა დასძინა, რომ “თუ ეს ყველაფერი ზღვარს გადასცდა და ამისკენ მიდის სიტუაცია, მაშინ ქართული სახელმწიფო იძულებული იქნება თავად დაამყაროს წესრიგი ამ ტერიტორიაზე“. 


“ეს აღარ არის პროვოკაციები, ეს არის ტერორისტული აქტები. ბუნებრივია, ვერც ერთი სახელმწიფო ამგვარ ვითარებას თავის ტერიტორიაზე ვერ მოითმენს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის რადიკალური მხარდაჭერა და კონკრეტული ნაბიჯები ძალიან სასწრაფოდ. სხვა შემთხვევაში ეს კონკრეტული ნაბიჯები თავად ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, ეს არ არის თვითმიზანი, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლიდანაც უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა თარგამაძემ. 


“ეს არის კიდევ ერთი თავხედური და გამომწვევი ტერორისტული აქტი… ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე, მაგრამ ეს სამშვიდობო ინიციატივები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვალებს დავხუჭავთ კონკრეტული ტერორისტული ჯგუფების მოქმედებაზე“, – განუცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “იმედს“ 8 სექტემბერს.


რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ბარანკევიჩმა განაცხადა, რომ “სამხედრო დაპირისპირებას პირველ რიგში ქართულ მხარეს მოყვება სისხლისღვრა“.  


 

Back to top button