skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება “რუსეთთან და აფხაზეთთან“ მოსაზღვრე კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ქართულ მხარეს “თავი შეიკავოს სამხედრო მოქმედებებისაგან, რასაც რეგიონში ახალი კონფლიქტის პროვოცირება შეუძლია“. 

გავრცელებული ინფორმაციით, კოდორის ხეობაში ქართული შენაერთები შედიან, რათა წინ აღუდგნენ ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფების – “მონადირის” მეთაურის ემზარ კვიციანის ქმედებებს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. თბილისის განცხადებით, კვიციანის ქმედებების უკან რუსეთი დგას.


25 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით ქართულმა მხარემ კოდორის ხეობაში შეიარაღებული ძალების შეყვანა დაიწყო სამშვიდობო ძალების სარდლობისა და გაეროს დამკვირვებელთა  მისიის წინასწარი ინფორმირების გარეშე.


“მიუხედავად სამშვიდობოების მცდელობისა წინ აღდგომოდნენ ქართული მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით 30 “კამაზის“, 18 “ნივისა“ და 4 “უაზის“ ტიპის მანქანებისაგან შემდგარმა კოლონამ მაინც გაიარა სამშვიდობოების #302 საგუშაგო“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული მხარე იზიარებს აფხაზური მხარის შეშფოთებას კოდორის ხეობაში დაძაბულობის ზრდასთან დაკავშირებით.


“ეს რაიონი უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ტერიტორიას და იქ მომხდარი უკავშირდება რუსეთის ფედერაციის უსაფრთოებას“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button