skip to content
ახალი ამბები

დემოკრატიული ფრონტი პრეზიდენტთან დიალოგის სურვილს გამოთქვამს

დღეს საპარლამენტო ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლებმა, რომელიც ოპოზიციურ რესპუბლიკურ და კონსერვატიულ პარტიებს აერთიანებს, მზადყოფნა გამოთქვეს პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა რეიტინგულ წარმომადგენლებთან, მათ შორის ნინო ბურჯანაძესთან დიალოგზე, თუმცა უარი განაცხადეს უმრავლესობის ლიდერებთან გიგა ბოკერიასთან და მაია ნადირაძესთან რაიმე სახის ურთიერთობაზე.


“ბოკერია და ნადირაძე არიან პოლიტიკური მარგინალები, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო აღმოჩნდნენ ხელისუფლების სათავეში და ქართული საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა  არ აქვთ და მათ გარშემო ვერანაირი კონსოლიდაცია ვერ მოხდება“, – განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშილმა.


დემოკრატიულმა ფრონტმა დღეს პრესკონფერენცია უმრავლესობის  საპასუხოდ მოიწვია.


უმრავლესობის გავლენიანმა დეპუტატებმა 19 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიცია რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე პარლამენტის 18 ივლისის დადგენილების მიმართ გამოხატული სკეპტიკური პოზიციის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. 


ოპოზიციამ დადგენილების მიღებაში მონაწილეობა 31 მარტიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო არ მიიღო. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უწოდა დადგენილებას, რომლის მსგავსიც, მათი თქმით, უკვე არაერთხელ აქვს პარლამენტს მიღებული, “ფარატინა ქაღალდი“.


დღესვე ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ბოკერიამ. მან განმარტა, რომ 18 ივლისის დადგენილება უპრეცედენტოა, რადგან მხოლოდ ეს დოკუმენტი ითხოვს კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების უპირობო გაყვანას.


აქვე ბოკერიამ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ დასძინა, რომ უმრავლესობა “პერსონალური შეურაცხყოფების მეთოდებს არ ცნობს და არ მიმართავს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button