ახალი ამბები

საქართველოს CAT-ის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ

Amnesty International-მა 22 მაისს მოუწოდა საქართველოს “დაუყოვნებლივ შეასრულოს“ გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (CAT) რეკომენდაციები.


“CAT-ის დასკვნები ასახავს იმ წუხილებს, რომლებიც Amnesty International-მა გამოხატა იმ დაუსჯელობის და დაშინების პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს სამართალდამცავების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების და წამების, ასევე ცუდი მოპყრობის კუთხით”, – განაცხადა Amnesty International-მა.


გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ მომზადებული მესამე პერიოდული ანგარიშის განხილვის შემდეგ გაკეთებულ დასკვნებში CAT აცხადებს, რომ ის კვლავ შეშფოთებულია, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული “ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო რეფორმებისა“.


“დაუსჯელობის და დაშინების პრაქტიკა კვლავ ძალაშია, კერძოდ ეს ეხება  სამართალდამცავების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას, მათ შორის წამების და ცუდი მოპყრობის სხვა ფორმების ჩათვლით, განსაკუთრებით დაპატიმრებამდე და პატიმრობის პერიოდში, ციხის ბუნტების დროს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დროს. ამიტომ, კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პრიორიტეტულად მიიჩნიოს ის მცდელობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა კულტურის განვითარებას, რისთვისაც მან უნდა უზრუნველყოს, რომ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკა განვითარდეს და განხორციელდეს პოლიციის იერარქიის ყველა დონეზე და შეეხოს პენიტენციალური სისტემის ყველა თანამშრომელს“, – აცხადებს CAT.


“ამგვარმა პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს და მოაგვაროს პრობლემები და შეიმუშავოს ქცევის კოდი ყველა ოფიციალური პირისათვის, მათ შორის იმათთვისაც, ვინც ორგანიზებულ დანაშაულს ებრძვის, ასევე უზრუნველყოს რეგულარული მონიტორინგი დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს მიერ. თავის მხრივ სახელმწიფომაც უნდა გააძლიეროს თავისი საგამოძიებო პოტენციალი, პროკურატურის ჩათვლით, რათა სწრაფად და ზედმიწევნით იქნას განხილული ყველა განაცხადი წამებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ, ხოლო სტატისტიკური მონაცემები გასამართლებისა და დისციპლინარული ღონისძიებების შესახებ რეგულარულად უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია CAT-ის დასკვნებში.
 

Back to top button