ახალი ამბები

გაზეთი ენერგოკომპანიების გაერთიანებას აანალიზებს

10 აპრილს გაზეთი “რეზონანსი“ წერს, რომ ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 21 მარტს გამოსცა განკარგულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შექმნის თაობაზე. კორპორაცია სამ სახელმწიფო კომპანიას გააერთიანებს – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და “საქნავთობს“.


ეკონომიკის სამინისტროს განკარგულების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე კორპორაციის შვიდწევრიანი საბჭოს წევრები გახდებიან. გაზეთის თანახმად, სამი სახელმწიფო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი მაისში დასრულდება.


სამ დამოუკიდებელ სტატიაში გაზეთ “რეზონანსის“ 10 აპრილის გამოცემა მიმოიხილავს ამ გადაწყვეტილების იურიდიულ და პოლიტიკურ ასპექტებს.


გაზეთის ცნობით, გაერთიანების უკიდურესად სწრაფი და აბსოლუტურად უკონტროლო პროცესი იმის ეჭვებს იწვევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას გეგმავს.


“რეზონანსის“ ცნობით, რუსეთს გაზსადენზე კონტოლის ხელში ჩაგდება თავისი “ტრადიციული გზით“ შეუძლია – “აქციები ვალის სანაცვლოდ“. გაზეთი იტყობინება, რომ რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომს“ შეუძლია თავის თავზე აიღოს 104 მილიონიანი ვალი, რომელსაც რუსული კომპანია “იტერა“ საქართველოს ედავება და ასევე 350 მილიონიანი ვალი, რომელსაც კომპანია Tramex-ი საქართველოს ხელისუფლებას ედავება.   


“შედეგად, საქართველო სომხეთის გამოცდილებას გაიზიარებს, კერძოდ “გაზპრომი“ მოითხოვს დაახლოებით 500 აშშ მილიონი დოლარის ნაღდი ფულით გადახდას და ხელში ჩაიგდებს ახლად შექმნილ გაზისა და ნავთობის კორპორაციას, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველია “გაზპრომისთვის“, – წერს “რეზონანსი“. 


გაზეთი აღნიშნავს, რომ სამი სახელმწიფო ენერგოკომპანიის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა იურიდიულ წინააღმდეგობაში მოვიდეს აშშ-ს ათასწლეული გამოწვევის პროგრამასთან, რომელმაც მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით 49.5 მილიონ აშშ დოლარი გამოყო. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2005 წლის სექტემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულება უკრძალავს საქართველოს ხელისუფლებას არამარტო გაზსადენის პრივატიზებას, არამედ მისი საკონტროლო პაკეტის საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისთვის გადაცემას ან მიყიდვას.


გაზეთი წერს, რომ ახალი კორპორაციის გაყიდვის შემდეგ, ოფიციალურად ეს უკანასკნელი მაგისტრალურ გაზსადენს გააკონტროლებს, ნაცვლად საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისა. თუმცა, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის საქართველოს ფონდის ცნობით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით არის ის ფაქტი, რომ მაგისტრალური გაზსადენი სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება, მაშინაც კი როცა ის ახალი კორპორაციის კონტროლის ქვეშ გადავა.


“რეზონანსი“ ასევე წერს, რომ ეკონომიკის მინისტრის განკარგულება და გადაწყვეტილება საკუთარი თავის, პრემიერ-მინისტრის და ენერგეტიკის მინისტრის ახალი კორპორაციის საბჭოს წევრებად დანიშვნის თაობაზე შესაძლოა საქართველოს კონსტიტუციასთანაც მოვიდეს წინააღმდეგობაში, რომლის თანახმადაც მთავრობის წევრს არ აქვს უფლება სხვა თანამდებობა ეკავოს, გარდა პოლიტიკური პარტიისა და არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს კომერციულ საქმიანობაში.


თუმცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კახა დამენიამ, რომელიც გაერთიანების პროცესს კურირებს,  “რეზონანს“ განუცხადა, რომ გადაწყვეტილებაში იურიდიული ხარვეზები არ არსებობს. კანონი მეწარმეობის შესახებ უფლებას აძლევს საჯარო მოხელეებს გახდნენ კომპანიის საბჭოს წევრები. იურიდიული ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე კი აცხადებს, რომ კანონი მეწარმეობის შესახებ ეხება მხოლოდ დაბალი დონის საჯარო მოხელეებს და არა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. 


 

Back to top button