
ევროკავშირმა და საქართველომ სამოქმედო გეგმის დიდი ნაწილი შეათანხმეს
8 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ გამართულ კონსულტაციებზე მხარეებმა სამოქმედო გეგმის დიდი ნაწილი შეათანხმეს.
“მოლაპარაკებებმა [მეორე რაუნდმა] ნაყოფიერად ჩაიარა“, – იტყობინება 9 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, ტექსტის შესათანხმებელ ნაწილებზე ევროკომისიის წარმომადგენლების განმარტებით, საჭიროა დამატებითი კონსულტაციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
რადიო “თავისუფლება” საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თბილისის სურვილია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და სავიზო მიმოსვლის გამარტივების საკითხები აისახოს სამოქმედო გეგმაში.
“საქართველოს ასევე სურს, რომ ევროკავშირმა გაამარტივოს სავიზო რეჟიმი, მაშინ როცა თავად გააუქმა სავიზო რეჟიმი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის”, – იუწყება “თავისუფლება” ჩეჩელაშვილზე დაყრდნობით.
ასევე ევროკავშირის წყარომ რადიო “თავისუფლებას“ განუცხადა, რომ საქართველოს დიპლომატიური ენერგიის ძირითადი ნაწილი მიმართულია კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართვისკენ – “თუმცა ამას სამოქმედო გეგმები არ ითვალისწინებს, გარდა მინიშნებისა ევროკავშირის მზადყოფნის თაობაზე დახმარება აღმოუჩინოს პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის საქმეში”.
სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება.
საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკას 2004 წლის ივნისში სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად შეუერთდა.