skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება შსკ-ს შეხვედრაზე კომენტარს აკეთებს

26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის საკითხები გააჟღერა, რომლებიც მხარეებმა 24-25 ოქტომბერს მოსკოვში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის დროს შეათანხმეს.   


რუსეთის საგარეო უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ “შსკ-ს კონსტრუქციულმა გადაწყვეტილებებმა გააქარწყლა იმ პირთა პრეტენზიები, რომლებიც კონფლიქტის მოგვარების არსებული მექანიზმის არაეფექტურობაზე საუბრობდნენ“. რუსეთის საგარეო უწყება ქართული მხარეს გულისხმობდა, რომელსაც შსკ-ს ფორმატის შეცვლა სურს.


“პროგრესი კონფლიქტის მოგვარებაში დამოკიდებული იქნება [მოლაპარაკების მექანიზმის] არა რაღაც “მაგიურ“ ფორმულაზე, არამედ პოლიტიკურ სურვილზე შესრულებულ იქნას შსკ-ს ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები“, – იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


საინფორმაციო შეტყობინების თანახმად, შსკ-ს შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტის მოგვარების “სამეტაპიანი გეგმა“ შესაძლოა მიჩნეულ იყოს, როგორც მომდევნო მოლაპარაკებების რეალური საფუძველი. გეგმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში გააჟღერა, რომელიც პირველ ეტაპზე კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს; მეორე ეტაპზე ნდობის აღდგენის ღონისძიებებს და მესამე ეტაპზე კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას.


შსკ ასევე გამოვიდა “ახლო მომავალში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრის ინიციატივით, ასევე 2006 წლის დასაწყისში საქართველოდან და თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან პარლამენტარების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის ინიციატივით.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შსკ-მ ასევე გაუსვა ხაზი სამხრეთ ოსეთში “ხელსაყრელი ეკონომიკური ზონის“ შექმნის მნიშვნელობას, რაც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. შსკ-მ კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციისკენ.


მხარეებმა აღნიშნეს, რომ სიტუაცია კონფლიქტის ზონაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც კონფლიქტის ზონაში 20 სექტემბერს სამხედრო ტექნიკა შევიდა და ცხინვალი დაიცხრილა. მოსკოვმა და ცხინვალმა ამ ინციდენტში ქართული მხარე დაადანაშაულეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ბრალდებები უარყო. სამხედრო ტექნიკა სამხრეთ ოსეთის მხარემ თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე გამოიყენა. 


შსკ მიესალმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დიმიტრი რუპელის ინიციატივას შსკ-ს შემდეგი შეხვედრის ლიუბლიანაში 15-16 ნოემბერს გამართვის თაობაზე. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button