ახალი ამბები

სამხედრო ბაზებზე რუსეთ-საქართველოს განცხადების დეტალები

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს, ასევე საზღვრის დელიმიტაციის და კონფლიქტების მოგვარების საკითხებს ეხება. ერთობლივ განცხადებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – სერგეი ლავროვმა და სალომე ზურაბიშვილმა 30 მაისს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოაწერეს ხელი.    


ერთობლივი განცხადების თანახმად,  ბათუმისა და ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზები წყვეტენ მოქმედებას დანიშნულებისამებრ და ფუნქციონირებენ გაყვანის რეჟიმში ამ განცხადების ხელმოწერის მომენტიდან. რუსული მხარე იღებს ვალდებულებას გაყვანის პროცესი 2008 წლის განმავლობაში დაასრულოს. რუსულ მხარეს არ აქვს უფლება იარაღის ან აღჭურვილობის როტაცია განახორციელოს გაყვანის პროცესის მიმდინარეობისას. თუმცა, მას აქვს უფლება განახორციელოს ბაზებზე სამხედრო პერსონალის როტაცია.


მხარეები ასევე შეთანხმდნენ დაიწყონ მოლაპარაკებები იმ შეთანხმებაზე, რომელშიც გაწერილი იქნება ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის დეტალები. ამასთან, ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის პერსონალის და აღჭურვილობის ნაწილი ამ ცენტრის შესაქმნელად იქნება გამოყენებული.


მძიმე ტექნიკის გაყვანა


ბაზებიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა დაიწყება უკვე 2005 წელს და 1 სექტემბრამდე გაყვანილ იქნება არანაკლებ 40 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის არანაკლებ 20 ტანკი. 


ახალქალაქიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის პროცესი 2006 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.


საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა, მათ შორის ბათუმის სამხედრო ბაზიდან, 2007 წლის 1 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს, ამინდის ხელისშემშლელი პირობების შემთხვევაში კი არაუგვიანეს 2007 წლის ბოლომდე.


მძიმე ტექნიკის გაყვანის მიზნით, ქართული მხარე საშუალებას მისცემს რუსულ მხარეს სამხედრო ბაზებზე საჭირო სათადარიგო ნაწილები მიიტანოს.


სამხედრო ობიექტების გადაცემა


რუსული მხარე 2005 წლის 1 სექტემბრამდე გადასცემს საქართველოს იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც არ გამოიყენება ამიერკავკასიაში რუსული ჯარების ჯგუფის მიერ.


კოჯრის კავშირგაბმულობის რეტრანსლატორი და გონიოს პოლიგონი ასევე გადაეცემა ქართულ მხარეს 2005 წლის 1 სექტემბრამდე.


რუსეთის მხარე 2005 წლის 15 ივნისამდე გადასცემს ქართულ მხარეს 142-ე ჯავშანტექნიკის სარემონტო ქარხანას.


იმ სამხედრო ობიექტების გადაცემის პროცესი, რომლებიც ბათუმში და ახალქალაქში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს, 2007 წლის 1 იანვრისთვის დასრულდება.


გაყვანის მარშრუტი/დაფინანსება


ქართული მხარე დაეხმარება რუსეთს მძიმე ტექნიკის და სამხედრო პერსონალის გაყვანის პროცესში ბათუმის პორტის და ბათუმის აეროპორტის საშუალებით, ასევე ნინოწმინდის გავლით, რომელიც სომხეთს ესაზღვრება.


რუსული და ქართული მხარეები ითანამშრომლებენ, რათა მოიზიდონ დამატებითი სახსრები ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსების მიზნით.


ანტიტერორისტული ცენტრი


ამჟამად ბათუმის სამხედრო ბაზაზე განლაგებული პერსონალის და აღჭურვილობის ნაწილი გამოყენებულ იქნება ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შესაქმნელად.


ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის დეტალები ცალკე ხელშეკრულებაში აისახება, რომელშიც კონკრეტულად იქნება გაწერილი იმ პერსონალის და აღჭურვილობის რაოდენობა, რომელიც ცენტრისთვის იქნება გამოყენებული.


ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას ერთობლივი  ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმება უახლოეს მომავალში შეიმუშავონ.


გუდაუთის სამხედრო ბაზა


ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მუშაობა გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ეუთოს ეგიდით საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების მიზნით.


რუსული მხარე აცხადებს, რომ მან უკვე დახურა გუდაუთის ბაზა, როგორც ამას 1999 წლის ეუთოს სტამბოლის შეთანხმება 2001 წლისათვის ითვალისწინებდა; თუმცა ქართული მხარე ამ განცხადების თაობაზე ეჭვების გასაფანტად დაჟინებით მოითხოვს ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას.


საზღვრები


ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა და საქართველომ გამოხატეს დაინტერესება 2005 წლის განმავლობაში მიაღწიონ შეთანხმებას რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე.


კონფლიქტები


მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს იმუშავონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაზე “მხოლოდ მშვიდობიანი გზით“, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე დაყრდნობით.
 


 

Back to top button