
სეპარატისტთა ლიდერები სამიტისთვის ემზადებიან
3-4 აპრილს აფხაზეთის და დნესტრისპირეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე რუსეთში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი მოსკოვში შეიკრიბნენ, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ სამ სეპარატისტულ რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი, რომელსაც რეგიონების ლიდერები აპრილის ბოლოს მოაწერენ ხელს.
თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დეტალები უცნობი რჩება, ისევე როგორც სეპარატისტ ლიდერთა შეხვედრის ადგილი; თუმცა, დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალერი ლიცკაიმ 4 აპრილს მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეთანხმებაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აისახება. მან არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა.
მოგვიანებით აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებმა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა მიანიშნეს, რომ სეპარატისტ ლიდერთა შეხვედრა შესაძლოა დროში დაემთხვეს სუუამის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების სამიტს – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტები აპრილის ბოლოს კიშინიოვში გეგმავენ შეხვედრას.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებამ შესაძლოა სამხედრო ასპექტებიც მოიცვას. “ჩვენ განვიხილეთ სამხედრო სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხები“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი გამოიყენებენ ყველა შესაძლო რესურსს ერთმანეთის დასახმარებლად. “მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში განხორციელდეს“, განაცხადა სერგეი შამბამ.
“სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარების ასპექტები აისახება დოკუმენტების პაკეტში, რომელიც მზადდება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის ლიდერების შეხვედრისთვის“, განუცხადა დიმიტრი მედოევმა, რუსეთში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა “ინტერფაქსს“.
სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს რუსეთის როლს კონფლიქტების მოგვარების საქმეში. “მოსკოვი არის გარანტი, შუამავალი და მშვიდობისმყოფელი. მხოლოდ რუსეთს აღმოაჩნდა არა მარტო დაინტერესება, არამედ მოქმედების და ომის შეჩერების უნარი“, განაცხადა დნესტრისპირეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალერი ლიცკეიმ.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი დიმიტრი მედოევი “დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარებაზე თავის არიდების მცდელობად“ აფასებს პრეზიდენტ სააკაშვილის უარს სოჭის შეხვედრაზე. მოსკოვის ინიციატივით სოჭში, 2-3 აპრილს უნდა გამართულიყო პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან და აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან.
“სამწუხაროდ, ხშირად ვართ მოწმენი იმ ტენდენციისა, როდესაც ქართული მხარე უარყოფს ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, განაცხადა მედოევმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 აპრილს ტელეკომპანი “რუსთავი2“-ის ეთერში დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა მან უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე. “ამგვარი შეხვედრების გამართვას მაშინ აქვს აზრი, თუ წინასწარ კარგად მომზადდება. ყველა შეხვედრა გარკვეული შედეგით უნდა დასრულდეს“, დასძინა პრეზიდენტმა.
თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და რუსეთის ლიდერები შესაძლო შეხვედრა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. “საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ამ ფორმატით მონაწილეობა მოლაპარაკებებში … თუმცა შეხვედრის ჩატარების პერსპექტივები კვლავ განიხილება“, დასძინა მან.