ახალი ამბები

ბურჯანაძე პრეზიდენტის არჩევანის წინააღმდეგია

ჯერ მხოლოდ წარდგენილი ნოღაიდელი, სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდა









ნაღაიდელმა ისეთის გავლენიანი პოლიტიკოსისაგან
მიიღო დარტყმა, როგორიც ნინო ბურჯანაძეა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის წინააღმდეგ მოულოდნელი განცხადება გააკეთა, აღნიშნა რა, რომ იგი ეწინააღმდეგება ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძემ მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მან ერთი ხელის მოსმით გაფანტა ილუზია იმის თაობაზე, რომ ნოღაიდელის სახით კომპრომისული კანდიდატურა მოიძებნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელიც შეძლებს ხელისუფლების სათავეში რევოლუციის შემდეგ მოსულ სამეულში ზურაბ ჟვანია შეცვალოს.
 
9 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ნოღაიდელის წარდგენა მისთვის “მოულოდნელი“ იყო. მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან კონსულტაციების დროს სხვა კანდიდატურა იხილებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.  თუმცა, ამ “სხვა კანდიდატურის” დასახელებისგან მან თავი შეიკავა.      
 
ბურჯანაძემ ასევე ცხადყო, რომ სააკაშვილთან კონსულტაციების დროს მან ყველაფერი თქვა, რასაც ფიქრობდა ნოღაიდელის კანდიდატურის თაობაზე. მისი თქმით, ნოღაიდელის რამდენიმე პიროვნული თვისება, როგორიცაა სიხისტე და არაკომუნიკაბელურობა “ხელს შეუშლის მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე შენიშნა, რომ  მთავრობას ისეთმა პიროვნებამ უნდა უხელმძღვანელოს, “რომელსაც შეუძლია კომპრომისის მიღწევა და ასევე კომპრომისზე წასვლა. თუ ნოღაიდელი არ იტყვის უარს თავის უკომპრომისო თვისებებზე მინისტრთა კაბინეტის  ზღურბლზე გადაბიჯებისას,  მას გარკვეული პრობლემები შეექმნება“.
 
ამ განცხადებებმა შეარყია პოლიტიკურ ექსპერტთა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ზურაბ ჟვანიას უახლოესი მოკავშირის – ნოღაიდელის წარდგენით, სააკაშვილი შეეცადა ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების კომპენსაცია მოეხდინა.
 
ბურჯანაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯს პოლიტიკური პროცესების განვითარებასთან ერთად ახსნა სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ შესაძლოა მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მისთვის მმართველი სამეული არაფერს ნიშნავს. საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსმა, ნინო ბურჯანაძემ ცოტა ხნით უკანა პლანზე გადაიწია, როგორც ამბობენ, ჟვანიას ეფექტური ფარული პოლიტიკის შედეგად, რომელიც სააკაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდა.
 
საპარლამენტო არჩევნების ერთიანი სიებიდან სააკაშვილის მოკავშირეებმა, რომლებიც ფარულად ჟვანიას ემხრობოდნენ, ნინო ბურჯანაძის კადრები ამოიღეს.
 
ახლა, როცა ჟვანია აღარ არის, ბურჯანაძემ შესაძლოა დამოუკიდებელი და უფრო აქტიური პოლიტიკური როლი შეასრულოს.
 
კიდევ ერთი ახსნა შეიძლება მოიძებნოს ბურჯანაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან სუბიექტურია. ბურჯანაძე ცნობილია თავისი უკიდურესად სამართლიანი განცხადებებით და თუ მას მიაჩნია, რომ ნოღაიდელის თვისებები პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის შეუფერებელია, სულაც არ არის უჩვეულო, რომ მან ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა. მითუმეტეს, რომ თავადაც განმარტა, რომ იგი “კულუარულ საუბრებს, პირდაპირ თქმას ამჯობინებს”.
 
ბურჯანაძემ სერიოზულად გაურთულა საქმე სააკაშვილს, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ყველანაირად ცდილობს ძალაუფლების უპრობლემო გადაცემა უზრუნველყოს. თუმცა, თუ სააკაშვილი ამით მხოლოდ იმას ცდილობს, რომ თანხმობის ილუზია შეინარჩუნოს, ბურჯანაძის განცხადებამ შესაძლოა კატალიზატორის როლიც შეასრულოს და ბოლო მოუღოს ამგვარ ილუზიებს, რაც  საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში მათთვის ხელსაყრელიც კი შეიძლება გამოდგეს. 
 



 


 

Back to top button