
ცხრა ქართველ ელჩს უფლებამოსილება შეუწყდა
25 ივნიის პარლამენტმა პრეზიდენტის თხოვნაზე 9 ქართველი ელჩისთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, თანხმობა განაცხადა. ელჩების გამოწვევისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა მოტივები დაასახელა.
როტაციის მიზეზით უფლებამოსილება შეუწყდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იტალიაში რუსუდან ლორთქიფანიძეს, ასევე ელჩებს ყაზახეთში – ნუგზარ დუჩიძეს, თურქეთში – ტარიელ ლებანიძეს და თურქმენეთ-ავღანეთში – პეტრე ჩხეიძეს.
საელჩოთა რესტრუქტურიზაციის გამო, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა 14 ივნისს გამოსცა ბრძანებულება, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიასა და პოლონეთში მაია ფანჯიკიძეს უფლებაოსილება მხოლოდ პოლონეთის რესპუბლიკაში შეუწყდა; უკნაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე კი მხოლოდ უკრაინაში გააგრძელებს მუშაობას.
ასევე საელჩოთა სტრუქტურული ცვლილებების გამო, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ცალ-ცალკე საელჩოები სლოვენია-სლოვაკეთში, ავსტრია-უნგრეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ხუთივე ამ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გია არსენიშვილს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის დროს სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა, უფლებამოსილება შეუწყდა.
საქართველოს წარმომადგენელს ნატოში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით თევზაძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე 18 თებერვალს დაინიშნა, პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა. მიზეზად კი ნატოს სტანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა, რომლის მიხედვითაც გენერალი არ შეიძლება იყოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ნატოში.
პარლამენტარებს შორის აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა გამოიწვია საფრანგეთსა და იუნესკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლანა ღოღობერიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამ, რომელსაც ეს პოსტი მხოლოდ 5 თვის მანძილზე ეკავა. ლანა ღოღობერიძე საფრანგეთის ელჩობამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ევროპის საბჭოში წარმომადგენლად დააბრუნეს.
“ლანა ღოღობერიძეს ელჩობაზე უარი თავის ნებით არ უთქვამს, მას განცხადების დაწერა აიძულეს; ამჯერად პარლამენტი გაითვალისწინებს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას, მაგრამ მომავალში არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე საკადრო გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ”, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.