ახალი ამბები

ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრებით დაიწყო

მას შემდეგ, რაც დიდი რაოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით, რამოდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს, გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უკანონო გარიგებებთან დაკავშირებით შესაძლოა შევარდნაძის ნათესავები დაიკითხონ. ამის პარალელურად ხელისუფლება ცდილობს საზღვარგარეთის ბანკებში არსებული რამოდენიმე ყოფილი თანამდებობის პირის ანგარიშები გაყინოს. 

“მე არ გამოვრიცხავ, რომ საჭირო გახდეს გურამ ახვლედიანის დაკითხვა ფოთის პორტთან დაკავშირებულ რამოდენიმე უკანონო გარიგებასთან დაკავშირებით” – განაცხადა ახლადდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცველებმა დააკავეს რამოდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დიდი გავლენით სარგებლობდნენ. შ.პ.ს. “საქართველოს რკინიგზის” ყოფილ შეფს, რომელიც ბათუმის საავადმყოფოში დააკავეს, სასამართლომ 18 იანვარს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას ბრალი ედება 476,000 ლარის მითვისებაში. თუმცა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, გამოძიების მსვლელობისას სხვა დეტალებიც გახდება ცნობილი და “საუბარი უკვე მილიონებზე იქნება.”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 იანვარს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა, რომელიც აქამდე, ავადმყოფობის გამო, ჩვენებების მიცემაზე უარს აცხადებდა. თუმცა, როგორც გენპოკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა მირცხულავა კარგად გრძნობდა თავს და “ის უბრალოდ სიმულანტია.” დავით მირცხულავას 6 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ 12 დეკემბერს თბილისის აეროპორტში დააკავეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია. იგი ამჟამად სამთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ჟორდანიამ 15 იანვარს ბიუჯეტის სასარგებლოდ 742 ათასი ლარი გადაიხადა. ეს ის თანხაა, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, ჟორდანიამ მიითვისა. ამის მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კვლავ წინსწარ პატიმრობაში რჩება, შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მხრიდან საქმეში ახალი გარემოების აღმოჩენის გამო. ამჟამად საქმე უკვე 4 მლნ ლარს ეხება.

სამართალდამცველების მიერ იძებნება ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, რომელმაც ნოემბერში შევარდნაძის გადადგომისთანავე დატოვა საქართველო და სავარაუდოდ იგი ამჟამად რუსეთში იმყოფება. მას სახელმწიფო თანხების მითვისებასთან ერთად ფულის გამოძალვაშიც ედება ბრალი.

“ჩვენი ამოცანაა, ყველა თანამდებობის პირი (რომლებსაც ბრალი ედებათ კორუფციაში), რომელიც საქართველოს ტერიტორიის გარეთ იმყოფება, გადმოცემულ იქნას ჩვენი მართლმსაჯულებისთვის და წარდგეს ქართველი ხალხის წინაშე” – განაცხადა 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. ისინი მათ წინააღმდებ დაწყებულ დევნას “პოლიტიკურ შეკვეთად” აფასებენ.

“ეს არის პოლიტიკური დევნა და მე შევძლებ სასამართლოში ჩემი სიმართლის დამტკიცებას” – ასეთი კომენტარი გააკეთა აკაკი ჩხაიძემ, რომელიც ბათუმიდან თბილიში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უახლოეს დღეებში საქართველოს დატოვებას აპირებდა, თუმცა თავად ამას უარყოფს.

“ახალი ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს” – განაცხადა რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას ლევან მამალაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით მირცხულავას, ლევან მამალაძისა და მერაბ ჟორდანიას საბანკო ანგარიშების გაყინვის თხოვნით დეკემბერში მიმართა შვეიცარიას. თუმცა შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოსგან უფრო დეტალური ინფორმაცია მოითხოვა, რადგან დეკემბერში გაგზავნილი მიმართვა ძალიან ზოგადი იყო.

“შვეიცარიის მხარეს უკვე გაეგზავნა შესაბამისი წერილები, რათა მოკვლეული იყოს თუ რა რაოდენობის თანხები დევს შევეიცარიის ბანკში გახნილ ანგარიშზე ამ პიროვნებების სახელებზე. ასევე ანალოგიური წერილებია გადაგზავნილი ლიხტენშტეინის, ლუქსემბურგის და სხვა რამდენიმე ქვეყნის პროკურატურაში. თანამშრომლობაზე მზადყოფნა ყველა მათგანმა გამოთქვა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა პაატა მსხილაძემ.

მსხილაძის თქმით გენპროკურატურამ ზოგადი შინაარსის წერილები გაგზავნა და პირველ ეტაპზე თანამშრომლობა ითხოვა. “უცხოელი კოლეგების მხრიდან დადებითი პასუხის შემდეგ კი გამოძიება შესაბამის დოკუმენტაციებს ამზადებს და მოხდება მათი გადაგზავნაც” – დასძინა პაატა მსხილაძემ.

“მაქსიმალურად ვცდილობთ ეს უკანონოდ გატანილი თანხები, რომლებიც საზოგადოების აღშფოთებას იწვევს უკან დაბრუნდეს. ჩვენი მთავარი მიზანია ამ თანხების ბიუჯენტში გადმორიცხვა” – განაცხადა პაატა მსხილაძემ.

მისი თქმით ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება. ჯერ გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ სასამართლომ უნდა გამოსცეს შესაბამისი განკარგულება ამ თანხებზე ყადაღის დადების შესახებ, ეს განკარგულება უნდა გაიგზავნოს შესაბამის ქვეყანაში, სადაც საბანკო ანგარიშიებია გახსნილი.

“ბოლო ეტაპია ამ თანხის უკან დაბრუნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა რაოდენობის თანხებთან გვაქვს საუბარი.  თუ რამდენ ხანში განხორციელდება ეს პროცესი ძნელი სათქმელიას. თუ იმასც გავითავლიწინებთ, რომ საუბარია მილიონებზე საქმე ერთ-ორ თვეში ვერ მოგვარდება. თუ ჩვენ მყარ მტკიცებულებს არ წარვადგენთ ამ ანგარიშების გაყინვა არ მოხდება” – დასძინა პაატა მსხილაძემ. 

ხელისუფლების მხრიდან ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებამ ზოგიერთ დამკვირვებელს იმედები გაუჩინა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად დაიწყება.

მრავალი ჟურნალისტური გამოძიების ავტორი აკაკი გოგიჩაიშვილი, აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს არც ერთ მის გამოძიებას, რომლებმაც თანამდებობის პირთა კორუფციული გარიგებები გამოამჟღავნა, რეაგირება არ მოჰყოლია.

“ამას წინათ, სამართალდამცველებმა მთხოვეს “60 წუთის” ყველა გადაცემას მიმეწოდებინა მათთვის. იმედია, ახლა მაინც მოხდება მათზე რეაგირება” – განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

თუმცა მრავალი დამკვირვებელი იმასაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირთა დაპატიმრებებით ვერ მოხდება სიტუაციის გაუმჯობესება. “ის რომ მირცხულავა დაიჭირეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ელექტროენერგია გვექნება. საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, რათა ახალმა ხელისუფლებამ, ძველი მთავრობის შეცდომები არ გაიმეოროს” – ამბობს რადიო თავისუფლების პოლიტიკური მიმომხილველი ია ანთაძე.

Back to top button