ახალი ამბები

ამომრჩეველს კვლავ აქტიურობისკენ მოუწოდებენ







თბილისში საარჩევნო უბნებთან რიგები დგას.

ცსკ-ოს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდებს. “ის ინფორმაცია, რომელიც ცსკო-ს საორგანიზაციო განყოფილებას ამ დროისათვის გააჩნია, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით სამი საათისთვის იქნება ცნობილი. თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ იტყობინება 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობამ 35%-ს მიაღწია.

არჩევნები რომ ჩატარებულად გამოცხადდეს აუცილებელია, რომ საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მივიდეს. 

აჭარის ოლქებში დაბალი აქტივობა ფიქსირდება. მაგალითისთვის შუადღისთვის, ხულოს ოლქში 12 საათისთვის მხოლოდ 1290 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

“აჭარაში უბნები გახსნილია და იქ არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს” –  განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
 
თუმცა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მიესალმა ამომრჩეველთა აქტივობას და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები საქართველოში შედგება.
 
„მოვუწოდებ მოსახლეობას აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბნებში და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რადგანაც ამ არჩევნებით ქვეყნის ბედი წყდება”, –  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
 
თბილისის საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რიგები დგას. ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც მარკირებასაც გულისხმობს, ხმის მიცემის პროცესს ანელებს.
 
საქართველოს 75 ოლქში საარჩევნო უბნები 4 იანვარს დილის 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლებისთვის საღამოს 8 საათამდე იმუშავებს.  ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა. 
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“.
 
„სერიოზული პრობლემები არ დაფიქსირებულა. გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეიმჩნეოდა, თუმცა ისინი არჩევნების ჩატარებას ვერ შეაფერხებენ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე.
 
პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს. მისთვის ერთადერთ პრობლემას ამომრჩეველთა შესაძლო დაბალი აქტიურობა წარმოადგენს. გასული კვირების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა მოსახლეობას საარჩევნო უბნებში მისვლისკენ მოუწოდეს.

სააკაშვილის კონკურენტებს შორის არიან იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი, როინ ლიპარტელიანი და ზაზა სიხარულიძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა ზურაბ ქელეხსაშვილმა 3 იანვარს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება. 

საარჩევნო უბნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც გაიხსნა. „აჭარაში პრობლემები არ არის და მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ როლს თამაშობს ამ მხრივ“ – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

საარჩენო პროცედურები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 6 იანვრამდე გაგრძელდება, რადგანაც ცუდი ამინდის გამო ფერხდება იქ საჭირო მოწყობილობისა და ბიულეტენების დროული გაგზავნა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს დილით თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მისცა ხმა.  თუმცა, მანამდე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არ აპირებდა არჩევნებში მონაწილების მიღებას. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა მან ხმა მიხეილ სააკაშვილს, შევარდნაძემ უპასუხა: „ახლოს ხართ სწორ პასუხთან“. „ის [სააკაშვილი] ჭკვიანი კაცია“ – დასძინა შევარდნაძემ. 

„მე ვურჩევდი ახალ პრეზიდენტს ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე აკეთოს“ – განუცხადა შევარდნაძემ ჟურნალისტებს. 

მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მოგვიანებით მისცემს ხმას.
 
არჩევნებს ყურადღებით აკვირდება აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელმაც 1 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ “საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი იქნება.”

საარჩევნო კამპანიამ ყოელგვარი ხმაურის გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა სატელევიზიო დებატები, ქუჩებში არ გაუკრიათ კანდიდატების პლაკატები. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე აქტიურად კამპანიას სააკაშვილის ჰოლანდიელი ცოლი სანდრა რულოფსი აწარმოებდა. რეგიონებში ვიზიტების დროს, სანდრამ, რომელიც ქართულსაც ფლობს და მეგრულსაც, დიდი პოპულარულობა მოიპოვა და ახლა საქართველოში მრავალი ხუმრობს, რომ იგი მეუღლეზე უფრო პოპულარულიც კი გახდა.

დროებითმა ხელისუფლებამ, რომელიც სააკაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს, ასე თუ ისე შეძლო მოეგვარებინა არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ძირითადად ამომრჩეველთა სიებს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდებოდა.

სიების ფორმირება 15 დეკემბერს დაიწყო წინასწარი რეგისტრაციის პრინციპით, როდესაც ამომრჩეველი თავად მიდიოდა საარჩევნო უბანში და აფიქსირებდა საკუთარ თავს სიაში. ამ პროცედურის შედეგად 1,7 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა. თუმცა ამ ციფრში არ შედის აჭარა. მათ ვისაც ეს პროცედურა არ გაუვლიათ, რეგისტრაციას და ხმის მიცემის პროცედურას უშუალოდ 4 იანვარს შეძლებენ.

ანალოგიური პრინიციპი ხორციელდება აჭარაში. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე დათანხმდა გაეხსნა საარჩევნო უბნები რეგიონში.  

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში მოხდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის ორენოვანი, ქართულ-რუსული ბიულეტინების დაბეჭვდა.

არჩევნებისას კვლავაც ჩატარდება ექზით პოლები და ხმათა პარალელური დათვლა. არჩევნებს, ადგილობრივი დამკვირვებლების გარდა, 600-მდე უცხოელი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს.

აღსანიშანვია, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ ახალი ხელისუფლების ოპონენტები. მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძე დათანხმდა აჭარაში საარჩევნო უბნების გახსნაზე, თავად პარტია “აღორძინება” არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. ასევე ბოიკოტს აცხადებს ლეიბორისტთა პარტია.

ბოიკოტის მომხრენნი არიან შევარდნაძის ყოფილი მხარდამჭერებიც. არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა თავის მომხრეებს ყოფილმა უშიშროების შეფმა იგორ გიორგაძემაც, რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა, იმის გამო, რომ მას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ტელევიზიით უკვე მეორე დღეა იგორ გიორგაძის სარეკლამო რგოლი გადის, რომელიც ხალხ მოუწოდებს მხარი დაუჭიროს “ახალი ტიპის ლიდერს.”

Back to top button