
კონტოროლის პალატამ თსუ-ში დარღვევები აღმოაჩინა
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული დაწესებულებაა, მაგრამ დღემდე კონკრეტული კორუფციული ფაქტების გამოვლენა ჭირდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 1918 წელს დაარსდა. თსუ-ს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა და მისი პრესტიჟიც საქართველოს მასშტაბით თითქმის ყოველთვის განუზომელი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უნივერსიტეტს ხელისუფლებამ ფართო ავტონომია მიანიჭა, რაც სასწავლო და ფინანსურ საკითხებში დამოუკიდებლობაში გამოიხატა. თუმცა, დიდი ხნის განმავლოაბში მისი იურიდიუილ სტატუსი გაურკვეველი იყო. თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს წევრის გიგი თევზაძის აზრით, უმაღლეს სასწავლებლებს არანაირი რეალური ავტონომია არ მოუპოვებიათ იმდენად რამდენადაც, ბიუჯეტს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს, განათლების პროგრამას ფორმალურად ისევ განათლების სამინისტრო ამტკიცებს, ხოლო რექტორის კანდიდატურას პრეზიდენტს დასამტკიცებლად ფორმალურად ისევდაისევ განათლების სამინისტრო წარუდგენს. იმის მიუხედავად, რომ თსუ სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენდა, იგი საჯარო იურიდიულ პირად მხოლოდ 2001 წელს დარეგისტრირდა. “თუ რამეში უმაღლესმა სასწავლებლებმა ავტონომიურობა მოიპოვეს ეს არის კორუფცია”, აღნიშნავს თევზაძე. მის მოსაზრებას ადასტურებს კონტროლის პალატის შემოწმების მასალები, რომელმაც თსუ-ს საქმიანობა 2000-2001 წლის განმავლობაში შეისწავლა. ამ მოხსენების თანახმად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან უნივერსიტეტის ქონების გამოყენებისას ადგილი აქვს სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს. კონტროლის პალატის მონაცემების თანახმად 2001 წელს უნივერსიტეტის მთლიანმა შემოსავლმა 10,2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო გასავლებმა შემოსავლებს 3501.73 ლარით გადააჭარბა, რაც, ძირითადად, მუნიციპალური დაწესებულებების ვალს შეადგენს წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარებისათვის. კონტროლის პალატის მოხსენების თანახმად, უნივერსიტეტის ქონების განკარგვისას სერიოზული დარღვევები არის დაშვებული. უნივერსიტეტის ფართის გაქირავების შესახებ დადებული ზოგიერთი კონტრაქტი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 14 ნოემბრის ბრძანებულებამდე არის დადებული. ამ ბრძანებულების თანხმად, თსუ-თან მანამდე დადებული ყველა კონტრაქტი უნდა განახლებულიყო, რაც არ განხორციელებულა. უნივერსიტეტის მოთხოვნის საფუძველზე ქონების მართვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანო, ქალაქ თბილისის ქონების მართვის სამმართველო აცხადებს ტენდერს უნივერსიტეტის განკარგულებაში მყოფი ფართის გაქირავების შესახებ. “სივილ ჯორჯიამ” ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კითხვით მიმართა, რათა მათ უნივერსიტეტში ჩატარებული რამდენიმე ტენდერის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა და თან დაერთო ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მათ ერთი კვადრატული მეტრი შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილის რ. ურუშაძის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ პასუხში ფასის განსაზღვრის არანაირი კრიტერიუმი არ არის დასახელებული. ამის ნაცვლად, მითითებულია ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 14 ნოემბრის ბრძანებულება, რომლის თანახმად, ეს საკითხი რეგულირდება. სინამდვილეში, ხსენებულ ბრძანებულებაში ნათლად წერია, რომ ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ადგენს სპეციალურ კომისიას, რომელსაც ტენდერის ორგანიზება – შესაბამისი განცხადების გამოქვეყნება და გამარჯვებულის გამოვლენა – ევალება. “სივილ ჯორჯიამ” გადაამოწმა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაზეთ “თბილისში” გამოქვეყნებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია. უნივერსიტეტის ქონების იჯარით გაქირავების შესახებ “თბილისში” (27 მარტი, 1999; 9 აპრილი, 1999; 24 აპრილი, 1999) გამოქვეყნებულ არცერთ განცხადებაში მითითებული არ არის განცხადების მიღების დაწყების, დამთავრებისა და კონკურსის ჩატარების ვადები, რაც 1997 წლის 14 თებერვლის ბრძანებულების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რომლის თანახმად, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ამ პირობებს აუცილებლად უნდა შეიცავდეს. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “სივილ ჯორჯიას” მიერ შემოწმებულ რვავე ტენდერში მხოლოდ თითო-თითო ფირმა მონაწილეობდა, რომელიც, რასაკვირველია, ნომინალური თანხით იგებდა კონკურსს, ვინაიდან მას მეტოქე არ ჰყავდა. საინტერესოა, რომ ხსენებულ ტენდერებში გამარჯვებული ერთ-ერთი ფირმის “უნივერსიტეტ-სერვისის” დამფუძნებელ პარტნიორთა შორის არის თენგიზ შოშიტაშვილი, რომელიც, ამავდროულად, უნივერსიტეტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსია, ხოლო ბანკ “რესპუბლიკას” სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი თავად უნივერსიტეტის რექტორი როინ მეტრეველია. როინ მეტრეველი ამ ბანკის მეწილეც გახლავთ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს ცნობით, მას ბანკის საწესდებო კაპიტალის 1% ეკუთვნის. უნივერსიტეტის ფართის დამქირავებელ ფირმებს ხელსაყრელი კონტრაქტების გამო კმაყოფილების მიზეზი ნამდვილად აქვთ. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზ. #13-ში მდებარე უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში 131,87 კვ.მ ფართი 10 წლის ვადით გადაცემული აქვს ბანკ “რესპუბლიკას” წელიწადში 1400 აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ კვადრატული მეტრის ფასი თვეში მხოლოდ 88 ცენტს შეადგენს. “უნივერსიტეტ-სერვისს” კმაყოფილების კიდევ უფრო მეტი საფუძველი აქვს: ჭავჭავაძის #1 1186 კვ.მ 10 წლის ვადით 3000 აშშ დოლარად აქვს დაქირავებული წელიწადში, ანუ კიდევ უფრო სასაცილო თანხად, ერთი კვადრატული მეტრი 21 ცენტად. თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი სააგენტოების ცნობით, ამ არეალში 100 კვ.მ კომერციული მიზნით გასაქირავებელი ფართი სულ მცირე 700-800 აშშ დოლარი ღირს თვეში, ანუ თვეში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 8 დოლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტმა საკუტარი ნებიტ ფართი რეალური საბაზრო ფასის 2,6-11%-ტად გააქირავა. კონტროლის პალატის მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უნივერსიტეტის “სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანომ” საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა. სტუდენტთა წარმომადგენლის თეა თუთბერიძის თქმით, ისინი დაინტერესდნენ, თუ რა რეაგირება მოახდინა პროკურატურამ კონტროლის პალატის მოხსენებაზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ შეკითხვით გენერალურ პროკურორს მიმართა, რომელმაც ბიუროს ხელმძღვანელის ვლადიმერ უგულავასათვის საპასუხოდ მოწერილ წერილში აღნიშნა, რომ გენერალურმა პროკურატურამ კონტროლის პალატის ის კონტროლიორები გამოკითხა, რომელთაც ზემოხსენებული შემოწმება ჩაატარეს. “კონტროლიორთა განმარტებით, უნივერსიტეტის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები არ შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მათ მასალები პროკურატურაში არ გადაგზავნეს”, ნათქვამია გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის წერილში. გიგი თევზაძის აზრით, უნივერსიტეტის ძირითადი პრობლემა არის აბსოლუტურად რელიქტური მმართველობა. მისი თქმით, გაურკვეველია, ვინ მართავს. არსებობს დიდი საბჭო, რომელიც რექტორს ირჩევს, თავად რექტორი კანონმდებელია, თუ აღმასრულებელი გაურკვეველია. “ეს სისტემა ძალზე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული”, დარწმუნებულია გიგი თევზაძე. უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა კი რეფორმების გატარების მცირე სურვილს ამჟღავნებს და არსებული ვითარებით სავსებით კმაყოფილია. როგორც ქონების გაქირავების შემთხვევებიდან ჩანს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არასწორი მენეჯმენტის წყალობით ან თავად ნახულობს სარგებელს, ან უბრალოდ პროფესიონალიზმი არ ჰყოფნის უნივერსიტეტის სამართავად. ამდენად, სანამ რეალური ცვლილებები არ განხორციელდება, მანამდე თსუ-ს ახლადმიღებულ წესდებაში გამოცხადებული მიზანი – “პროფესიულად ღრმად განსწავლული, მაღალზნეობრივი და კვალიფიციური სპეციალისტების” აღზრდა -ცარიელ სიტყვებად დარჩება. რევაზ ბახტაძე, ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯიასაქართველოს კონტროლის პალატის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოწმების შედეგად არასწორი მენეჯმენტისა და ბუღალტრული დარღვევის უამრავი ფაქტი გამოვლინდა. “სივილ ჯორჯიას” მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს დარღვევები უნივერსიტეტის უმაღლესი ხელმძღვანელობის პირად ფინანსურ ინტერესებასთან არის დაკავშირებული.